ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
ჩვენებურმა ეს სოფიაში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე გააკეთა და საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. არადა, დღეს ტატამზე კიდევ სამი მოჭიდავე გავიდა, სამივე მამაკაცებში და მედალს ვერც ერთი შეწვდა.
პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძლა წააგო ფრანგ სედრიკ რევოლთან.
ამავე წონაში ჩხვიმიანი ნახევარფინალმდე მივიდა: უკრაინელი დილშოტ ხამატოვი, ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა დაამარცხა. თუმცა, ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის სედრიკ რევოლთან წააგო.
მარგველაშვილმა პირველი ორთაბრძოლა რუმინელ ლუსიან ბორს დუმიტრესკუს მოუგო, მაგრამ შემდეგ ბულგარელ დენისლავ ივანოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
რაც შეეხება მედალოსანს: ლიპარტელიანმა ჯერ პოლონელი არლეტა პოდოლაკი დაამარცხა, შემდეგ – ფრანგი პირსცილა გნეტო. თუმცა, ნახევარფინალში ასევე ფრანგ სარა ლეონე კისიკესთან წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის ლიპარტელიანი ჩეხ ვერა ზემანოვასთან დაეჭიდა. ეთო აქტიური იყო, მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, შემდეგ კი, იპონზე დასცა. ხვალ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილსა (73) და ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ.