Euro 2020: Austria's Marko Arnautovic banned for one game after ′racist′  slur | Sports | German football and major international sports news | DW |  16.06.2021
ავსტრიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრებს ჩაიბარებს, ოღონდ „ოლდ ტრეფორდზეც” დარჩება და ერიკ ტენ ჰაგს დაეხმარება.

რანგნიკი 63 წლის არის. „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში რომ ნიშნავდნენ პირობა დაუდეს: თუ მიმდინარე სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ზაფხულიდან ორი წლით ახალი მწვრთნელის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მანჩესტერში გერმანელმა ოლე გუნარ სულშერი შეცვალა.

რანგნიკს არ გაუმართლა. „იუნაიტედში” მისმა მუშაობამ კარგი შედეგი ვერ გამოიღო. წუხელაც, შინ „ჩელსისთან” 0:1-ს აგებდა ( მე-60 წუთზე მარკოს ალონსომ გაუტანა), მაგრამ 62-ეზე კრიშტიანუ რონალდუმ გაქვითა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ცნობილია, რომ გერმანული „გეგენპრესის” იდეოლოგი და მოძღვარი მომდევნო სეზონიდან მანკუნიანელთა სათადარიგო სკამთან ადგილს ჰოლანდიელ ერიკ ტენ ჰაგს დაუთმობს ანუ თავად კონსულტანტი უნდა გახდეს. ის ამბობს, რომ ერთდროულად ორ სამსახურს თავს უპრობლემოდ გაართმევს.

„ჩელსისთან” შეხვედრის შემდეგ მას ავსტრიის ნაკრების შესახებ ჰკითხეს. რანგნიკმა უპასუხა:

„დღეს მოდი  „მანჩესტერ იუნაიტედსა” და მის დარჩენილ თამაშებზე ვილაპარაკოთ, თუმცა გეტყვით, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ აქ მუშაობას. მრჩეველი ვიქნები.

კიდევ ერთი სამუშაოსთვის თუ დამრჩება დრო? დიახ, დამრჩება. ამაზე ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მოვილაპარაკეთ”.

ცნობილი გახდა ერთი შეხედვით გასაკვირი რამ: რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის კონსულტანტად თვეში მხოლოდ ექვსი დღე იმუშავებს. შესაბამისად, მას ავსტრიის ნაკრებისთვის დრო თავზე საყრელად ექნება.

„არასდროს მითქვამს, რომ მანჩესტერის განვითარების საქმეში დიდ მონაწილეობას მივიღებ. ჩემი მომავალი როლის დეტალები კარგა ხანია განსაზღვრულია. ზუსტად არის დადგენილი მისი როგორც შინაარსი, ასევე დრო. ერიკთან ჯერ არ მილაპარაკია. იმედი მაქვს, რომ ამას უახლოეს მომავალში მოვახერხებთ. მიხარია, რომ მხარში ამოვუდგები და საქმეების უკეთესობისკენ შემოტრიალებაში დავეხმარები”.

„მანჩესტერ იუნაიტედს” მიმდინარე სეზონში სამი თამაში დარჩა, „ბრენტფორდთან”, „ბრაიტონთან” და „კრისტალ პალასთან”.