„ინტერი” ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს” ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის” მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ.

ის, რომ „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას თანაქალაქელ და მოძულე „მილანთან” აგებს, რადუს შეცდომას ორმაგად უმწარებს გემოს, ხოლო თუ ქართველ ქომაგთაგან ვინმეს საქართველოსა და რუმინეთის 2021 წლის ამხანაგური თამაში გაახსენდა (საქართველომ მოიგო 2:1) და დააინტერესა მაშინ მეტოქის კარს რადუ ხომ არ იცავდა, გეტყვით, რომ არა. საქართველოსთან რუმინეთის ნაკრების კარს იცავდა „სტიაუას” მეკარე ანდრეი ვლადი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერჯერობით ის ერთი თამაში აქვს ჩატარებული.

„ბოლონიასა” და „ინტერის” შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი ივან პერიშიჩმა გამოიჩინა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიმონე ინძაგის გუნდს სერია A-ს სათავეში ყოფნას ვერავინ დაუშლიდა, მაგრამ მასპინძლებმა „ვესტ ჰემის” ყოფილი ფეხბურთელის, ავსტრიელი მარკო არნაუტოვიჩის დარტყმით ანგარიში გაქვითეს, 81-ე წუთზე კი ნიკოლა სანსონემ რადუს საჩუქარი შეირგო და მილანის გუნდი შინ ნული ქულით გაუშვა.

ეტყობა იტალიაში მეკარეების უხეშ შეცდომათა პერიოდი დგას. ორიოდ დღის წინ რადუს ტიპის ფიასკო ლეგენდარულ ჯიჯი ბუფონსაც მოუვიდა.

დარჩენილ ტურებში „ინტერი” ხვდება სტუმრად „უდინეზეს”, შინ „ემპოლის”, სტუმრად „კალიარის” და შინ „სამპდორიას”.

„მილანს” სათამაშო აქვს შინ „ფიორენტინასთან”, სტუმრად „ვერონასთან”, შინ „ატალანტასთან” და სტუმრად „სასუოლოსთან”.