ბოლოხანს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის და აი, ამის კიდევ ერთი მტკიცებულება: ფრანგმა „იუნაიტედის” WhatsApp-ის ჯგუფი დატოვა. მან ეს მას მერე გააკეთა, რაც „რეალისა” და „იუვენტუსისგან” შეთავაზებები მიიღო.
როგორც ჩანს, 29 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „მანჩესტერის” შემადგენლობაში ბოლო თამაში უკვე ჩაატარა. მანკუნიანელთათვის ცუდად მოსაგონებელ შეხვედრაში, რომელიც მათ „ლივერპულთან” 0:4 წააგეს, პოგბა სულ 10 წუთით იყო მოედანზე. ნახევარმცველმა კანჭი იტკინა და მოედანი დატოვა. „იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კლუბის ექიმს რჩევა ჰკითხა და ის დარჩენილი თამაშებიდან გაათავისუფლა.
რანგნიკი: „ექიმმა მითხრა, რომ პოგბას გამოჯანმრთელებას მინიმუმ ოთხი კვირა დასჭირდება, სეზონი კი მაისის ბოლოს მთავრდება. ვფიქრობ, ის ვეღარ ითამაშებს”.
იმაზე ლაპარაკი, რომ პოგბას მომავალი „ოლდ ტრეფორდზე” ბუნდოვანია, კარგა ხნის დაწყებული გახლავთ. ჯერ კიდევ მარტი იყო, როდესაც თავადაც თქვა, „იუნაიტედის” სეზონი მკვდარია, ვერაფერსაც ვერ მოვიგებთო. ეს „ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში მოხდა:
„არ დაგიმალავთ და ბოლო ხუთი წელიწადით უკმაყოფილო ვარ. მიმდინარე სეზონიც მკვდარია. არაფრის მომგებები არ ვართ. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედთან” იქნება ეს თუ სხვა გუნდთან, მე ტიტულების მოგება მინდა”.
პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს „იუვენტუსიდან” დაბრუნდა. მანჩესტერელებმა მასში 93,2 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ ვერა და ვერ მოარგეს სათამაშო პოზიცია, რამაც ფეხბურთელი გააწბილა.
„საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი მარტივად არის, — თქვა მან, — იქ ჩემი როლი მაქვს და მას ვასრულებ. ვიცი რა უნდა გავაკეთო, თან მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას ვგრძნობ. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი თავს ასე კომფორტულად ვერ ვგრძნობ, რადგან ხშირად მიცვლიან ფუნქციას, პარტნიორებს, ცვლიან მთელი გუნდის სათამაშო სისტემას… წარამარა ვკითხულობ, მაქვს კი ამ გუნდში რაიმე როლი? ამ კითხვაზე არავინ მპასუხობს”.
ახლა კი პოგბამ თანაგუნდელებს უთხრა, რომ კლუბიდან მიდის, ხოლო „მირორმა” დაწერა, რომ მან WhatsApp-ის ჯგუფიც კი დატოვა.
ზემოთ ვახსენეთ, რომ პოგბას შეძენის სურვილი „რეალმა” და „იუვენტუსმა” უკვე გამოიჩინეს. ინტენსიურად ლაპარაკობენ „ბარსელონაზეც”.