რონი ო’სალივანი ამბობს, რომ მისი ნიჭი პოლ გასკოინის, იმავე გაზას სპორტულ ნიჭთან შედარებით არაფერია. არადა, ლაპარაკია სნუკერში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონზე, რომელიც ბრიტანეთის ტოპ-10 სპორტსმენის სიაში შეიყვანეს.
ო’სალივანი და გასკოინი ერთმანეთს ამასწინათ, ჰერდფორშირში, ელიტურ სამედიცინო ცენტრში შეხვდნენ. გაზა 54 წლისაა, ო’სალივანი ორმოცდაექვსის.
სნუკერის დიდოსტატმა თქვა: „ჩვენ სულ რაღაც ორი თვის წინ, სპაში შევხვდით ერთმანეთს. ისე ნუ წარმოიდგენთ, რომ სოფაზე ვისხედით და ვსაუბრობდით. სპა, რომელზეც მე მოგახსენებთ დიდია. უბრალოდ სიტყვები გავცვალეთ. შემდეგ მესიჯები გავუგზავნეთ ერთმანეთს. ის კარგად არის.
მე გაზა ძალიან მიყვარს. ნეტავ, თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონის ან იურგენ კლოპის ტიპის ადამიანთან მოხვედრილიყო, ვინმე მენტორი ჰყოლოდა.
თუმცა, მისი მორჯულება ძალიან ძნელი იქნებოდა. ის თავნებაა. ჩემთვის სრულიად განსხვავებული ნიჭის მქონე ადამიანია. მე გენიოსი არ ვარ, ის — არის!
ჯორჯ ბესტიც გენიოსი იყო და ალექს ჰიგინსიც (სნუკერის მოთამაშე, რომელიც დღეში 80 სიგარას ეწეოდა). მე კი მათ კატეგორიაში არ გავდივარ.
გაზა ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეეძლო ბრაზილიის ნაკრებში ეთამაშა. ის დიეგო მარადონას მაგონებს. გაზა დიდი გულის კაცი იყო. ის სრულიად უაზრო გუნდს ჩემპიონად აქცევდა.
მისმინეთ, ლეო მესი მიყვარს, ჩემი ფავორიტია, მაგრამ ახლა ჩვენ ლიდერებზე ვლაპარაკობთ. გაზა ლიდერი იყო. ის თავისიანებს წინ მიუძღოდა და ეს შეუძლებელია აღფრთოვანებას არ იწვევდეს”.