Bayern's players soaked manager Julian Nagelsmann with beer as the celebrated their league success„ბაიერნი” ზედიზედ მეათედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ამისათვის მან მდევარი „დორტმუნდი” 3:1 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ სხვაობა უკვე 12 ქულაა. და მართალია, ბუნდესლიგის წამყვანი გუნდების დაპირისპირებას „დერ კლასიკერ” ჰქვია, ბავარიელთა უპირატესობა მეტისმეტად აშკარაა.

ჩემპიონთაგან ანგარიში ოსტატურად გახსნა სერჟ გნაბრიმ. მეორე გოლი აუღელვებლად შეაგდო რობერტ ლევანდოვსკიმ. ემერე ჩანმა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით შეამცირა სხვაობა, მაგრამ მოგვიანებით ჯამალ მუსიალამ „ბაიერნის” მონაგარს მესამე დაამატა და თამაშს წერტილი დაუსვა.

მუსიალა 19 წლის არის. მან თავისი გოლი ახლო მანძილიდან გაიტანა, რეკორდმაისტერმა კი „ალიანს არენაზე” 32-ე ტიტული იზეიმა.

საინტერესოა, რომ „ბაიერნი” ჩემპიონი გახდა იმ დღეებში, როდესაც მისმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა დაიჩივლა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო მუქარის წერილები მიიღო. გაავებული ფანები მას სიკვდილით ემუქრებოდნენ. „ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ესპანურმა „ვილიარეალმა” გამოთიშა.

ვეტერანი თავდამსხმელი თომას მიულერი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის 11 ოქროს მედალი მოიგო. მან თქვა: „რეკორდის დამყარების საშუალება მქონდა და გამოვიყენე. ბოლოხანს ბევრი იმედგაცრუება გადავიტანეთ, მაგრამ დღეს ორთქლი გამოვუშვით და ახლა ყველაფერი კარგადაა. ძალიან გვინდოდა, რომ ტიტული სწორედ დღევანდელ შეხვედრაში მოგვეპოვებინა. ბუნდესლიგის ჩემპიონობის ამდენჯერ მოპოვება მოსაბეზრებელი არ არის, პირიქით განსაკუთრებული მიღწევაა. ადამიანი რაც უფრო მეტს იგებ, მით უფრო ხარბი ხდები”.

„ბაიერნს” ბოლო 9 შეხვედრაში არ წაუგია; სულ, ჩემპიონატში 4 მარცხი იწვნია.

ბავარიის ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა 33 წლის ლევანდოვსკიმ, რომელმაც 33 გოლი შეაგდო.

„დიდი სიამოვნებაა იყო იმ გუნდის ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ათჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარგ გუნებაზე ვერ ვიყავით, ასე რომ გამარჯვებამ ყველაფერი თავის კალაპოტში დააბრუნა”.

პოლონელი თავდამსხმელის კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის. მისი მომავალი „ბაიერნში” ჯერ უცნობია.

ასევე უცნობია „დორტმუნდის” 21 წლის ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის მომავალიც. ამბობენ, რომ ზაფხულში ის „მანჩესტერ სიტიში” გადავა.