მოსაზრებას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, „დეილი მეილის” ჟურნალისტი იან ჰერბერტი გამოთქვამს. ის ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად ახლა უკვე ოფიციალურად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ჰოლანდიელს ერთი დიდი პლუსი აქვს — მან იცის როგორ გამოგლიჯოს კლუბი ხელიდან წარსულის დიდებას.

2017 წელს, „აიაქსის” თავკაცად ახალმა დანიშნულმა ტენ ჰაგმა თქვა: „აქ, ჰაერში ტრიალებს აურა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ „ჩვენ ყველაფერი ვიცით”. ეს კლუბი დიდი ხანია თავისი ისტორიული წარმატებების ტყვეა. რამე უნდა ვიღონოთ, მაგრამ ამსტერდამში ამის გაკეთება ძნელია”.

თუმცა, ტენ ჰაგი ძლიერი აღმოჩნდა. ერთ-ერთი პირველი, რაც მან გააკეთა „აიაქსის” სათაყვანებელი 4-3-3-ის შეცვლა იყო. არადა, ამსტერდამში ეს განლაგება ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან და ტოტალური ფეხბურთის მოგონებასთან იყო დაკავშირებული. დღემდე ის ეგონათ ყველაზე პროგრესული, რომლის ხელის ხლებაც არ შეიძლებოდა.

ტენ ჰაგისა და სპორტული დირექტორის ცნობილი მარკ ოვერმარსის ერთობლივი მუშაობის შედეგად „აიაქსი”, რომელიც 2014 წლის შემდეგ ნიდერლანდების ჩემპიონი არ ყოფილა, ორჯერ დაეუფლა ტიტულს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედშიც” სჭირდება ისეთი დირექტორი, რომელიც ხვდება, რომ გუნდს ახალი ფილოსოფია და ახალ თარგზე გამოჭრილი ფეხბურთელები სჭირდება. ის მიდის კლუბში, სადაც ბევრი თანამდებობის პირია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ესმის, რომ დიადი წარსული ისტორიას ჩაბარდა; თვალების ახლებურად გახელის დროა. დროა კლუბმა შეამჩნიოს ისეთი ფეხბურთელები, როგორებსაც ბოლო წლებში ამჩნევენ „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი”, თუნდაც „ნიუკასლი”. ჰერბერტის აზრით ფეხბურთის დირექტორი ჯონ მერტოუ და საფეხბურთო ოპერაციათა ხელმძღვანელის მოადგილე დარენ ფლეტჩერი ამას ვერ შეძლებენ. ჯერჯერობით ისიც კი არავის უთქვამს, რომ სკაუტებს ჯიმ ლოულორსა და მარსელ ბაუტს სამსახურიდან გაუშვებენ.

და აი, ჟურნალისტი აქ გადადის რალფ რანგნიკის თემაზე. ის წერს, რომ „იუანიტედში” გამეფებული აზრი „ჩვენ მანჩესტერი ვართ და ყველაფერი ვიცით” გერმანელმაც შეამჩნია. მეტიც, რანგნიკი მისი მსხვერპლი გამოდგა. მან სცადა გუნდში ახალი იდეების გატარება, მაგრამ ფეხბურთელებმა სიახლის მიღება არ ინებეს და გერმანული „გეგენპრესის” იდეოლოგი ამან გააოცა. გარდა ამისა, რანგნიკმა ფეხბურთელებს შორის ურთიერთპატივისცემის პრობლემაც დაინახა.

Rangnick was stunned Juventus' Denis Zakaria (left) was deemed not good enough for United
ზაკარია „იუვენტუსმა” იყიდა

ის, რომ „იუნაიტედში” რაღაც არეულია, ერთი ამბიდან ჩანს ძალიან კარგად: კლუბის სკაუტებმა რანგნიკს უთხრეს, რომ მისი მოწონებული შვეიცარიელი ნახევარმცველი დენის ზაკარია მაღალი დონის ფეხბურთელად არ მიაჩნიათ. შედეგად, იანვარში, ზაკარია „მიონხენგლადბახისგან” „იუვენტუსმა” შეიძინა.

რანგნიკს იმედი ჰქონდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” ეგრეთწოდებული მაღალი პრესინგის მიმდევარ გუნდად გარდაქმნიდა, მაგრამ სრული ფიასკო განიცადა. და მაინც, ჰერბერტს მიაჩნია, რომ ძალიან კარგია ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ რანგნიკი ფეხბურთის დირექტორი,  გენერალური მენეჯერი თუ რაღაც ასეთი რომ გახდება ანუ კლუბში რომ დარჩება. ჟურნალისტს სწამს, რომ გერმანელი ფეხბურთელებს გაცილებით სწორად შეარჩევს, ვიდრე ამას ახლანდელი სკაუტები და დირექტორები აკეთებენ და რაც არანაკლებ მთავარია, წარსულით ტკბობაში ჩარჩენილ მანჩესტერელებს ეტყვის, რომ დღეს მათი გუნდი საუკეთესოებს ძალიან ჩამორჩება.

ჰერბერტი იმედოვნებს, რომ ტენ ჰაგი და რანგნიკი სწორად შეძლებენ თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში „იუნაიტედს” უსახური მომავალი და წარსულით ცხოვრება ელის.