„აიაქსი” ნიდერლანდების თასის ფინალში „პსვ ეინდჰოვენთან” 1:2 დამარცხდა, რის გამოც ამსტერდამელთა მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ უგუნებოდ იყო და მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ ლაპარაკს თავი აარიდა.
„ვფიქრობ, დროა პრეს-კონფერენცია დავასრულოთ. გონზე მოსასვლელად 24 საათი მჭირდება”, — თქვა ტენ ჰაგმა კარგი ინგლისურით, როდესაც „იუნაიტედის” შესახებ ჰკითხეს.
„აიაქსისა” და პსვ-ს შეხვედრაში ანგარიში „აიაქსმა” გახსნა, მაგრამ შესვენების შემდეგ, სამწუთიან მონაკვეთში, მეტოქემ ორი გოლი გაუტანა და დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტენ ჰაგი ამსტერდამს მორიგი დუბლით ვერ დაემშვიდობება, თუმცა ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.
მეორე მხრივ, კაცის დანახვა წაგებაშიც შეიძლება. „იუნაიტედის” იმ ქომაგებმა, რომელთაც ჰოლანდიელის ხასიათის სიმტკიცე აეჭვებთ, ნახეს, რომ მან სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა თვით სებასტიან ჰალერი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრაში 33 გოლი აქვს გატანილი. მის ნაცვლად მოედანზე იყო ფაქტობრივად გამოუცდელი, 20 წლის ბრაიან ბრობი.
ტენ ჰაგმა გუნდიდან დაიფრინა მთავარი მეკარე ანდრე ონანა, რომელსაც ბოლოხანს ფიზიკურ მომზადებას უწუნებდა.
ამრიგად, „იუნაიტედის” ვარსკვლავები ფრთხილად უნდა იყვნენ. საკმარისია ახალ თავკაცს რამე არ მოეწონოს, რომ რანგსა და დამსახურებას ყურადღებას არ მიაქცევს, ნებისმიერს მოკვეთავს შემადგენლობიდან. ისიც ცნობილია, რომ ტენ ჰაგი ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში თერთმეტეულს იმის მიხედვით არჩევს, ვინ მოეწონება ბოლო დღეების განმავლობაში ვარჯიშზე და ვინ არა.
ფინალში ინგლისელი ჟურნალისტები ერთხელაც დააკვირდნენ მანკუნიანელთა მომავალი თავკაცის ქცევას მოედნის კიდესთან. აშკარაა, რომ ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიუს სტილის ექსცენტრულ მიხრა-მოხრას გულშემატკივარი „ოლდ ტრეფორდზე” ვეღარ ნახავს. მაქსიმუმ, ხელის რეფლექსური აქნევა თუ შეამჩნიონ.
პსვ-სთან ფინალში, როდესაც „აიაქსმა” ანგარიში გახსნა, ტენ ჰაგმა თავშეკავებულად გაიქნია მუშტი, ხოლო ერთ ეპიზოდში, როდესაც VAR-მა საპენალტე მომენტი არ შეამოწმა, მეოთხე მსაჯმა მისგან გამყინავი მზერა მიიღო. ზოგადად, ტენ ჰაგს თავისი ნების გამყინავი მზერით გამოხატვა ახასიათებს.
როდესაც შეხვედრა დასრულდა, ერიკ ტენ ჰაგი წამით გაირინდა, შემდეგ კი მძიმედ დაიძრა და ფეხბურთელების დამშვიდებას შეუდგა. დაკვირვებულ ინგლისელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომ მოთამაშეები მისთვის თვალებში შეხედვას ერიდებოდნენ.
რაც შეეხება თამაშის სტილს… როგორც ბრიტანული მას-მედია წერს, „იუნაიტედის” განებივრებულმა ფეხბურთელებმა რალფ რანგნიკის აგრესიული პრესინგის თამაშზე უარი თქვეს, ტენ ჰაგს კი ამას ვერ გაუბედავენ. ჰოლანდიელის „აიქსი” როცა უტევს, ყველა ფეხბურთელი წინ მიდის, ხოლო როდესაც თავს იცავს, ყველა უკან იხევს.
ამსტერდამელებს ჰყავთ მფრინავი განაპირა მცველები და ორი საყრდენ-შემტევი ნახევარმცველი. სავარაუდოდ, „მანჩესტერ იუნაიტედში” ტენ ჰაგი ბრუნო ფერნანდეშთან წყვილში დონი ვან დე ბეკის გამოყვანას შეეცდება, მაგრამ პრემიერლიგაში ნიდერლანდებზე უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ და ხსენებულ წყვილს ზურგსუკან დაუღალავი ჩამშლელი დასჭირდება. დაახლოებით ისეთი, „ვესტ ჰემის” დეკლან რაისი რომ არის.
პსვ-თან შეხვედრაში „აიაქსის” დაცვის ცენტში თავი გამოიჩინა 20 წლის იურიენ ტიმბერმა, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უკვე დაირხა ხმები „იუნაიტედის” ინტერესის შესახებ. ის სწრაფია, მკვირცხლი და ჰარი მაგუაირს წესით კარგად დაეხმარება.