უბრალო დათვლის ამბავი იყო: გამოავლინეს ყველაზე ემოციურ ფეხბურთელთა ათეული. მასში მოხვდნენ ისინი, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებში უტირია. ზოგი ამას რეგულარულად სჩადის.
თუმცა უცნაურია, რომ ემოციურობა მხოლოდ ტირილს დაარქვეს. ამიტომაც ვერ მოხვდა სიაში, ვთქვათ, „ატლეტიკოს” მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი, რომელმაც სამი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის მთელი „მანჩესტერ სიტის” ცემა მოინდომა. უდავოდ ემოციური კაცია სავიჩის მწვრთნელი, არგენტინელი დიეგო სიმეონეც. ქართველებიდან კაცს თემურ ქეცბაია გაგახსენდება, მაგრამ ათეულის შემდგენელმა Bonusfinder-მა, ემოცია მხოლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში ტირილს უწოდა.
მნიშვნელოვანი შეხვედრები ასე განისაზღვრა: ევროთასებისა და სანაკრებო შეჯიბრებების ფლეი-ოფები, ფინალები, ის რასაც ესპანურად „რემონტადა” ინგლისურად კი „ქამბექი” ჰქვია — ამ მოვლენას ქართულად თამაშის შემოტრიალებას ვუწოდებთ (თუ მოგვიხერხდა შეგვიძლია მარტო შემოტრიალებაც ვახსენოთ) — და კარიერის ბოლო მატჩები.
ზოგის გასაკვირად და ალბათ ზოგის შეხედულების განსამტკიცებლად, პირველ ადგილზე ბრაზილიისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი გავიდა. მეორე იყო კრიშტიანუ რონალდუ. ამ ორ ვარსკვლავს საერთო მხოლოდ მშობლიური ენა აქვთ — პორტუგალიური — მაგრამ ეს ტირილთან რა შუაში უნდა იყოს.
შემდეგ მოდიან: ლუის სუარესი; პოლ გასკოინი, სერხიო აგუერო; ლიონელ მესი; ჯონ ტერი; მოჰამედ სალაჰი; დევიდ ბექემი და მარიო ბალოტელი.
ჩამოთვლილი ვარსკვლავები გულშემატკივარს ხშირი ტირილის გარდა გამორჩეული კადრითაც ახსოვს. მაგალითად, ნეიმარი 2020 წელს, ცარიელი ტრიბუნების წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში აცრემლდა, როდესაც მისმა პსჟ-მ „ბაიერნთან” წააგო. პოლ გასკოინი კი მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ატირდა. ეს იყო ნახევარფინალი ინგლისსა და გერმანიას შორის, რომელშიც გაზამ ყვითელი ბარათი მიიღო და მიხვდა, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში კარიერის უმთავრეს შეხვედრას გამოტოვებდა. შემდეგ, მოხდა ისე, რომ გერმანიამ ინგლისს პენალტებით მოუგო და გასკოინი იმ საღამოს მეორედ, უკვე წაგების გამო ატირდა.