მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დაუმარცხებელი „არსენალის” ვარსკვლავი, 51 წლის ფრანგი ემანუელ პეტი ინგლისელი ჟურნალისტის კითხვას ბოლოს და ბოლოს, 56 წლის შემდეგ შეძლებს თუ არა ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, სიცილით პასუხობს:
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრები ძალიან ძნელად დასამარცხებელი გუნდი იქნება”.
პაუზის შემდეგ პეტი დასძენს: „მაგრამ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ინგლისი დამარცხდება”.
ინგლისელებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც 2021 წელს ჩატარდა), ფინალში წააგეს. მანამდე, 2018 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში გავიდნენ და ამ ორი შედეგის გამო მათ „ყატარი 2022″-ის ერთ-ერთ ფავორიტად ასახელებენ. წილისყრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ისინი აშშ-ს, ირანისა და შოტლანდიის, უელსის ან უკრაინის ნაკრებებთან მოახვედრა, მაგრამ პეტი ასე ამბობს:
„ინგლისს სულ ერთი და იგივე ემართება. ყველა შეჯიბრების წინ მას ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევენ, ბოლოს კი ირკვევა, რომ რაღაც აკლია. არ ვიცი ეს მწვრთნელების ბრალია თუ ფეხბურთელების. ხანდახან ვფიქრობ, რომ პრობლემა მენტალურია — თითქოს მოთამაშეები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებენ. როდესაც გუნდი ბოლო ეტაპს უახლოვდება, ზოგი ფეხბურთელი ითრგუნება.
ინგლისის ნაკრებში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც კლუბებში შესანიშნავად თამაშობენ: ფოდენი, საკა, მაუნტი. მათ ალბათ მეტი გამოცდილება სჭირდებათ. ახლა ვიხსენებ ევროპის ჩემპიონატის ფინალს. თამაში შინ ჰქონდათ და ეს ზოგი მათგანისთვის მეტისმეტი დაწოლა გამოდგა”.
როდესაც (თუკი) ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან გავა, მერვედფინალში მისი მეტოქე ნიდერლანდები ან სენეგალი იქნება, მერე კი სავარაუდოდ პეტის ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. საფრანგეთისა და ინგლისის ბოლო რვა შეხვედრიდან შვიდი ფრანგებმა მოიგეს. ბოლო თამაშში, 2017 წელს, „პარკ დე პრენსზე”, „ლურჯებმა” 3:2 გაიმარჯვეს.
პეტის ჰკითხეს, ვინ მოიგებს თუ გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლა შეხვდებიან ერთმანეთს და თან ისეთ ფორმაში იქნებიან, როგორშიც დღეს არიან. მან უპასუხა:
„ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ დიდი მოქიშპეები და იმავდროულად დიდი მეგობრებიც ვართ. ორივე გუნდს ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს. ურთიერთშეხვედრებში ჩვენ უკეთესი შედეგები გვაქვს და ვფიქრობ ფსიქოლოგიურად ეს დაგვეხმარება. მაინც მგონია, რომ ინგლისელ ფეხბურთელებს მენტალური პრობლემა აქვთ.
ალბათ საფრანგეთი მოიგებს”.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია და მის წინაშე ტიტულის შენარჩუნების ამოცანა დგას. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო, ბრაზილიაა: 1958 და 1962. პეტიმ პირადი გამოცდილებით იცის, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ტიტულის შენარჩუნება. ის 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო, 2002 წელს კი ჩაფლავდა — „ლურჯებმა” ჯგუფის სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს.
მერე იგივე დაემართათ იტალიას, ესპანეთსა და გერმანიას — მსოფლიოს ჩემპიონობიდან ოთხი წლის შემდეგ ჯგუფში ჩარჩნენ.
„თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ყატარში სრულიად განსხვავებული მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. შუა სეზონში მუნდიალზე გამგზავრება ფეხბურთელებისთვის უცხოა. ისინი ტურნირისთვის ფაქტობრივად ვერ მოემზადებიან. ერთი კვირა ექნებათ და სულ ეს არის.
ალბათ იქნებიან გუნდები, რომლებიც მოსამზადებლად მეტ დროს გამონახავენ. ვგულისხმობ ირანს, ყატარს და ასეთ ნაკრებებს. ევროპელი ფეხბურთელების უმეტესობას კი მსგავსი ფუფუნება არ მიეცემა, — ამბობს პეტი და შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ახასიათებს — დიდიე დეშამს ზუსტი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელი კილიან მბაპე. ის აშკარად ჯადოქარია, ყველაფერი რასაც ეხება ოქროდ იქცევა.
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ზე მომხდარის გამო შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ ერთხელაც გავიმეორებ, რომ წლეულს სრულიად განსხვავებული ჩემპიონატი ჩატარდება”.