„ვესტ ჰემი” 1981 წლის შემდეგ — თბილისის „დინამოსთან” რომ წააგო — ევროთასის მეოთხედფინალში არ ყოფილა. ახლა, ნახევარფინალშია. ოღონდ, ლიონში გადარჩენისთვის ფრანგული პოლიციის დახმარება დასჭირდა.
ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. ორი შეხვედრის ჯამში 4:1. პოლიციელებს საფინალო სასტვენის შემდეგ აბობოქრებული გულშემატკივრებისთვის წიწაკის აეროზოლის მისხმაც კი დასჭირდათ.
დეკლან რაისს, რომელმაც „ჩაქუჩების” სამი გოლიდან მეორე გაიტანა, 90-ე წუთზე ტრიბუნიდან ბოთლები დააყარეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მას საიდ ბენრამა ცვლიდა.
„ლიონის” ეგრეთწოდებულმა ულტრასებმა სტადიონის ორივე ბოლოდან ბარიერების განგრევა და მოედანზე ჩახტომა სცადეს. უსაფრთხოების სამსახურმა ჯაჭვში ჩადგომა და მათთვის გზის გადახერგვა მოასწრო. ვაჟკაცობა გამოამჟღავნეს უეფას წარმომადგენლებმა, რომლებიც მოედანზე ჩავიდნენ, რათა ფეხბურთელების სამშვიდობოს გაყვანაში მიეღოთ მონაწილეობა.
„ვესტ ჰემის” მწვრთნელმა დევიდ მოიესმა მაინც მოახერხა ერთ-ერთი ოფიციალური პირის ზურგსუკნიდან გაძრომა და ჩხუბში მონაწილეობა. შემდეგ ის გაიყვანეს.
ფანები კარების უკნიდან მაშხალებს ისროდნენ. პოლიციის რაზმს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მათთვის წიწაკის მისხურება დასჭირდა.
„ვესტ ჰემის” საბედნიეროდ, წესრიგი მალე აღდგა და მოიესმა ფეხბურთელებთან ერთად მცირერიცხოვან ინგლისელ გულშემატკივართან ზეიმი მოახერხა.
ნახევარფინალში „ვესტ ჰემი” „აინტრახტს” შეხვდება. „აინტრახტმა” შეჯიბრებიდან არც მეტი-არც ნაკლები „ბარსელონა” გამოთიშა — ორი შეხვედრის ჯამში 4:3.