ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადაბარგებას სერიოზული პირი უჩანს. უბრალოდ, ბოლო დროს იმდენ კლუბს დაუკავშირეს, რომ თავგზა აგვებნა. არადა, შემოდგომაზე ისევ „რუბინში“ დარჩა და მერე კარგა ხანი დასჭირდა დეპრესიიდან გამოსასვლელად.
ახლა ის უკვე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია და რუსები უცხოეთში წასვლასაც ვერ დაუშლიან.
ამასობაში, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯინტოლიმ თქვა: „კვარაცხელიას უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს. დრო კიდევ გვაქვს, სატრანსფერო ფანჯრის გახსნას უნდა დაველოდოთ.
ხვიჩა ჩვენი სატრანსფერო პრიორიტეტია. მას ყველა მონაცემი აქვს „ნაპოლიში“ სათამაშოდ: ტექნიკა, აზროვნება და არცთუ დიდი ფინანსური მოთხოვნები. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია,“ – დასძენს ჯინტოლი.