„ჩელსის“ ამბავი ასეა: ოთხ მყიდველს დამატებითი დრო მისცეს, რათა თავიანთი წინადადებები უფრო დახვეწონ, გააძლიერონ და ისე წარმოადგინონ.
თავდაპირველად, ბოლო ვადა ორშაბათამდე იყო დათქმული, მაგრამ „სქაი ნიუსმა“ შეიტყო, რომ კონკურენტებს რამდენიმე დღე დაუმატეს. ოთხშაბათს, როდესაც „ლურჯებმა“ „რეალთან“ შინ 1:3 წააგეს, მათთვის უთქვამთ, რომ გეგმების პრეზენტაცია მომდევნო კვირის მეორე ნახევარშიც შესაძლებელია.
ვაჭრობის ოთხი მონაწილიდან ერთმა, ინკოგნიტომ, „სქაის“ აცნობა, რომ საბოლოო რეკომენდაციას „ჩელსის“ ახალი მეპატრონეების თაობაზე ბრიტანეთის მთავრობას ამერიკული ბანკი The Raine Group მაისში წარუდგენს.
Raine ვაჭრობის პროცესს აკვირდება. ეს არის კომერციული ბანკი, რომელიც დამკვირვებლად „ჩელსის“ რუსმა მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა დანიშნა. თავად აბრამოვიჩის აქტივები კი, მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაყინა.
„სქაი ნიუსი“ Raine Group-საც დაკავშირებია, რომლის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მყიდველებისთვის რამდენიმე დღის დამატება მათი წინადადებებისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებისათვის იყო საჭირო.
გარდა ამისა, Raine Group პრემიერლიგისგანაც ელოდება საბოლოო პასუხს. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ შესაბამის სამინისტროებს სთხოვეს ვაჭრობის მონაწილეთა შორთ-ლისტში არ შეეყვანათ „ბეინ კაპიტალის“ თანა-თავმჯდომარე საფეხბურთო გვარით, ვინმე სტივენ პალიუიკა. მისი ამბავიც ეტყობა გასარკვევია.
კანდიდატთა უმრავლესობა (როგორც ჩანს, ოთხიდან სამი) საჯაროდ არის ცნობილი. ასე მაგალითად, ყველამ იცის, რომ „ჩელსის“ შეძენა უნდათ რიკეტსების ოჯახსა და კონსორციუმს, რომელსაც სერ მარტინ ბრაფტონი ხელმძღვანელობს. იმასაც ვწერდით, რომ ფანებმა რიკეტსების ოჯახის წინააღმდეგ აქცია მოაწყეს. მიზეზი: ჯო რიკეტსს მუსლიმები მტრებად მიაჩნია.
სერ მარტინ ბრაფტონსაც შეხვდა წინააღმდეგობა. მას ჯერ ერთი Burma Campaign UK უჩიოდა, British American Tobacco-ში აქვს წილიო და მეორეც, ბირმის სამხედრო ძალებთან აბრალებდნენ კავშირს.
კიდევ ერთი კანდიდატი გახლავთ ტოდ ბოილი, რომელსაც 120 მილიონიანი წილი აქვს ერთ-ერთ ტოტალიზატორში, რომელიც… რუსეთის ბაზარზე დღემდე ფუნქციონირებს. ბოილი ბეისბოლის გუნდის LA Dodger-ის მეპატრონეა.
ამასობაში კი თავად ტომას ტუხელის გუნდში იზრდება გაურკვევლობა. გაუგებარია, ზაფხულში რომელი ფეხბურთელი წავა და რომელი დარჩება. აბრამოვიჩი სანქციებით არის შებოჭილი, რის გამოც „ჩელსი“ ვერც ახალ ფეხბურთელებს იყიდის და ვერც ძველებს გაუფორმებს ახალ კონტრაქტებს. გამოდის, რომ ყველა, ვისაც ხელშეკრულების ვადა ეწურება, „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებს. როგორც ტუხელმა თქვა, არ არის გამორიცხული, რომ წავიდნენ სესარ ასპილიკუეტა, ანდრეას კრისტენსენი და ანტონიო რუდიგერი. საინტერესოა, რომ სამივეს „ბარსელონა“ ეპატიჟება.