„ოქროს ბურთის“ მფლობელი იგორ ბელანოვი (ფოტოზე მარცხნივ) იარაღით ხელში გამოჩნდა და უკრაინას იცავს.
„დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მებრძოლებს, მადლობა გადავუხადე მამაცობისთვისა და ვაჟკაცობისთვის, რომელსაც იჩენენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას, დიდებმა გმირებს!“ – დაწერა ბელანოვმა სოციალურ ქსელში.
61 წლის ბელანოვი ოდესაში დაბადებულ-გაზრდილია, საუკეთესო წლები კი კიევის „დინამოში“ გაატარა: ვალერი ლობანოვსკის სუპერგუნდში თავდამსხმელი იყო, თასების თასი მოიგო 1986 წელს და რაც მთავარია, „ოქროს ბურთიც“ ჩაიხუტა. მაგარი ამბავია: 86-ში სსრკ ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრ ზავაროვი დაასახელეს, „ოქროს ბურთი“ კი მისმა თანაგუნდელმა ბელანოვმა მოიგო. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გამარჯვებული…
მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ბელანოვმა ბევრი გოლი გაიტანა თასების თასზე და 5 ბურთი შეაგდო მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზეც – მათ შორის, ჰეთ-თრიქი გააკეთა ბელგიასთან წაგებულ მერვედფინალში – 3:4. ბელანოვმა გამოკითხვაში გარი ლინეკერსა და ემილიო ბუტრაგენიოს გაუსწრო, სხვები კი ძალიან ჩამორჩნენ.