ბრწყინვალე ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა“ „ჩელსის“ სტუმრად 3:1 მოუგო, მაგრამ… ნუთუ ეს რომელუ ლუკაუს ბრალი იყო?
ბელგიელ თავდამსხმელს გვარიანი კრიტიკა შეხვდა. „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ, სატელევიზიო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ეკრანიდან მოუწოდა, ნუ ფილოსოფოსობ, უბრალოდ გადი მოედანზე და კარგად ითამაშეო. მანვე თქვა, რომ სისულელეა, თითქოს ლუკაკუ „ჩელსიში“ კარგად იმიტომ ვერ თამაშობს, რომ მწვრთნელს არ უყვარს.
როდესაც „რეალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში ლუკაკუ მოედანზე შევიდა, სტუმრები უკვე 3:1-ს იგებდნენ. „ანდერლეხტის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „ევერტონის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა ერთ ეპიზოდში, თავით, შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ამის დანახვაზე თავიდან წამოიჭრა კითხვა, რა საჭირო იყო ასეთ ფეხბურთელში 97,5 მილიონი გირვანქის გადაყრა.
ლუკაკუს მართლაც უხეირო სეზონი აქვს. ბოლო ათ შეხვედრაში ის მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში — ფეხბურთის ასოციაციის თასზე, ჩემპიონშიფის კლუბების „ლუტონისა“ და „მიდლსბროს“ წინააღმდეგ. ბელგიელმა 36 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, მათგან პრემიერლიგაში მხოლოდ ხუთი შეაგდო.
თუმცა, „დეილი მეილის“ მესვეტე და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი მიკა რიჩარდსი კარაგერისგან განსხვავებით ამბობს, რომ როდესაც ფეხბურთელს ცუდი პერიოდი აქვს, მას წიხლი არ უნდა მიაყოლო.
რიჩარდსი: „დიახ, დღეს ლუკაკუმ კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ეს იყო შანსი, რომელიც მწვრთნელმა მისცა. ის ნამდვილად ვერ თამაშობს ისე, როგორც შეუძლია, მაგრამ იმასაც გრძნობს, რომ „ჩელსიში“ არ უყვართ“.
კარაგერი კი მიიჩნევს, რომ ბელგიელმა თვითონ ჩაიგდო თავი ასეთ დღეში:
„მწვრთნელი და მისი სიყვარული არაფერ შუაშია, ყველაფერი თავად ლუკაკუს ბრალია. ამ ფეხბურთელში კლუბმა 100 მილიონი იმიტომ გადაიხადა რომ მას მნიშვნელოვან შეხვედრებში გადამწყვეტი როლი ეთამაშა, ის კი შემადგენლობაშიც ვერ ხვდება“.
რიჩარდსი: „ფაქტია, რომ ლუკაკუს ამ ეტაპზე საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული, მაგრამ, მეორე მხრივ, სიყვარულს და თანადგომას თუ ვერ გრძნობ, ისე ძალიან ძნელია. ეტყობა სადღაც, ურთიერთობის რაღაც ეტაპზე ბზარი გაჩნდა.
დღეს ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ხელსაყრელი სიტუაციიდან გოლი ვერ გაიტანა. ახლა ეს ეპიზოდი სოციალურ ქსელებს მოივლის და ბელგიელს ლანძღვის ნიაღვარი დაატყდება თავს. არადა, ის ტოპ-ფეხბურთელია, რომელსაც უბრალოდ ცუდი პერიოდი აქვს“.
ლუკაკუ „ჩელსიში“ 2011-14 წლებშიც თამაშობდა. ის „სტემფორდ ბრიჯზე“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა, რასაც წინ „ინტერში“ გატარებული ორი ჩინებული სეზონი უძღოდა.
კარაგერი: „მართალია, ადრე ლუკაკუს პრემიერლიგაშიც ბევრი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამას ყოველთვის სუსტ გუნდებთან აკეთებდა. ის კარგი ფეხბურთელია, ოღონდ მისი შედარება ქარიმ ბენზემასთან, ჰარი კეინთან და რობერტ ლევანდოვსკისთან არ შეიძლება. მწვრთნელს ბრალი საერთოდ არაფერში მიუძღვის. ან რა შუაშია სიყვარული. ლუკაკუ რომ ხარ, უბრალოდ გადი მოედანზე და კარგად ითამაშე“.