მოდით რა, ცოტა სერიოზულად ვისაუბროთ, – შენიშვნანარევი ტონით უპასუხა საზოგადოებას ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ…
ინტერესი კი გამოწვია საკითხმა, რომელიც მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ირანის ნაცვლად იტალიის შესაძლო დაშვებას ეხებოდა.
აქა-იქ ითქვა, რომ ირანელ ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა, ფიფა კი ამის გამო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებას აპირებს და მათ შორის მუნდიალიდან მოკვეთას განიხილავსო.
მოკლედ, ამ ამბის მომტანებს ინფანტინომ ყურიც არ ათხოვა… „ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ჩატარებაზე ფიქრს იმიტომ ვიწყებდით, რომ ხალხთან ერთად მასში მონაწილეობის საშუალება ისეთ გუნდებსაც ჰქონდეთ, რომლებსაც აქამდე ეს სიამოვნება არ აქვთ. იტალია თითქმის უცვლელად მონაწილეობდა ამ უდიდეს საფხებურთო ფორუმში, ხოლო ირანი მუნდიალის იშვიათი სტუმარია. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირში მონაწილეობის საშუალება სხვა ქვეყნებსაც ჰქონდეთ“.
შეგახსენებთ, რომ იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა, ხოლო ირანი ყატარი 2022–ის ჯგუფში აშშ-თან, ინგლისთან და ჯერ უცნობ ერთერთ ევროპულ გუნდთან ერთად მოხვდა.