კიდევ ოთხი მატჩი და გოგა ბითაძისთვის NBA-ს სეზონი დასრულდება. მისი „ინდიანა“ ფლეი ოფში რომ ვერ ითამაშებს, ისეც ნათელია. ახლა გოგა იმ სტატისტიკა იუმჯობესებს, მცირე სათამაშო დროის მიცემით რომ ჰქონდა არეული.
„ინდიანამ“ ამჯერად სტუმრად ბოსტონთან წააგო – 123:128. ეს „პეისერსის“ ზედიზედ მეექვსე მარცხია. ბითაძე კი, კვლავაც „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31.49 წუთი გაატარა.
22 წლის ქართველმა ცენტრმა 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ სამივე ორქულიანი ჩააგდო, სამჯერ ისროლა პერიმეტრიდანაც და მიზანს ერთხელ უწია, ოთხი ჯარიმიდან ყველა გამოიყენა. „ინდიანა პეისერსს“ 25 მოგება და 53 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 შედეგია.
ინდიანაპოლისელებს მომდევნო მატჩი 4 აპრილს, შინ, „დეტროიტთან“ უწევთ.
სანდრო მამუკელაშვილი კი მარტის თვეში სამჯერ გავიდა პარკეტზე და ჯამში 16 წუთი გაატარა.
აპრილის თვის პირველი მატჩში კი სათამაშოდ 22.47 წუთი მიეცა. ჩვენებურმა ამ დროში გუნდს რვა ქულა, ოთხი მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა სამიდან ორი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა.
„მილუოკი ბაქსი“ კი შინ 119:153 განადგურდა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“. მილუოკელები გასული სეზონის ჩემპიონები არიან და ფლეი ოფში ახლაც გავიდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ ხუთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. 48 მოგებითა და 29 მარცხით „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთით მოგებით ჩამორჩება „მაიამის“.