„ყატარი 2022″-ის აღმასრულებელი შეფი ნასერ ალ ხატერი ინგლისის ნაკრების თავკაცს გარეთ საუთგეიტს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებს. საუთგეიტმა ამასწინათ ყატარზე ცუდად ილაპარაკა — ასეთი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატს არ უნდა მასპინძლობდესო.
რატომ არ უნდა მასპინძლობდეს ყატარი მუნდიალს? საუთგეიტის აზრით იმიტომ, რომ იქ ემიგრანტ მუშებს ცუდად ეპყრობიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, მამათმავლებს ციხეში სვამენ, აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება და ქალთა უფლებებიც გვარიანად შეზღუდულია.
საუთგეიტი წუხდა, რომ ინგლისელი ქომაგების კარგა დიდი ნაწილი თავისი გუნდისთვის მხარის დასაჭერად ვერ გაემგზავრება, რადგან ყატარში შეიძლება პრობლემები შეექმნათ.
„უემბლიზე” კოტ დ’ივუართან გამარჯვების შემდეგ, საუთგეიტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დელეგაციასთან ერთად დოჰაში გაემგზავრა, სადაც პარასკევს მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. აქვე ჩატარდება ფიფას კონგრესიც. ალ ხატერმა იმედი გამოთქვა, რომ მას ინგლისელთა მწვრთნელთან შეხვედრის და პირისპირ საუბრის შესაძლებლობა მიეცემა.
„მე მას შევეკითხები, ინგლისის ნაკრების წევრთაგან ვინ არის ყატარში ნამყოფი. ანდა, თავად საუთგეიტი თუ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში? ის თავის პირად მოსაზრებას გამოთქვამს ასე საჯაროდ თუ სადღაც წაკითხულს იმეორებს? ეს პრინციპული საკითხია, რადგან წაკითხულს ასე ხმამაღლა არ უნდა იმეორებდე.
როდესაც ისეთი გავლენიანი ადამიანი ხარ, როგორიც არის საუთგეიტი; როდესაც ამხელა აუდიტორია გისმენს, სიტყვები ფრთხილად უნდა შეარჩიო.
ჩემი აზრით, როდესაც მუშებზე აპირებ ლაპარაკს, ჯერ უნდა ჩამოხვიდე, შეხვდე ამ მუშებს და გაიგო, რას იღებს ეს ხალხი აქ გარჯის სანაცვლოდ. იყო ცალკეული უსიამოვნო შემთხვევები, რომლებიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ მინდა ინგლისის ნაკრების თავკაცი დავარწმუნო, რომ თუ ის აქ ჩამოვა და მუშათა უმეტესობას დაელაპარაკება, მოისმენს ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყეს აქ აღებული ხელფასით თავიანთი შვილები უნივერსიტეტებში, როგორ ააშენეს სახლები და ასე შემდეგ. ეს ის ისტორიებია, რომელთაც პრესაში არ წერენ.
ამრიგად, მე მოუთმენლად ველი გარეთ საუთგეიტის ჩამოსვლას და მასთან შეხვედრას. მე მას ჩემს პოზიციას გავაცნობ. ის ვალდებული არ არის დამიჯეროს, მაგრამ განსხვავებულ შეხედულებას უნდა მოუსმინოს, რათა სხვა კულტურის ხალხსაც გაუგოს.
მე მას დიდ პატივს ვცემ როგორც მწვრთნელს და პიროვნებას. არც სხვა ადამიანთა შეხედულებები მაღიზიანებს, მაგრამ ფაქტია, როდესაც ვიღაცას განსხვავებული შეხედულება აქვს, შენ შენი პოზიცია უნდა გააცნო”.