საქართველოს ნაკრებმა ისევ არ წააგო – ამჯერად, ალბანეთთან.
ტირანაში მატჩი უგოლოდ დასრულდა და საქართველომ ზედიზედ მეოთხე გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა. შეწყდა მოგებათა სერია, რომელიც აქამდე ოთხი იყო, მაგრამ დარჩა ერთმანეთის მიყოლებით ხუთი წაუგებელი მატჩი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისევ ვერ გაგვაკვირვა და ისევ ჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. მოედანზე მეტოქე უკეთესი ჩანდა. იყო მომენტები, როდესაც ალბანეთი მაგრად მოგვაწვა. იყო მომენტები, სადაც გოლს გადავურჩით, თუმცა, ჩვენებსაც შეეძლოთ გატანა. ორი კარგი მომენტი იყო და ორივეჯერ ვაკო ყაზაიშვილის წყალობით: ჯერ ზურიკო დავითაშვილს უპასა და მან ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო, შემდეგ კი ვაკომ გიორგი წიტაიშვილზე პასის გაკეთება უკვე აღარ მოინდომა, თავად დაარტყა და ააცილა.
შეტევაში მაგრად გვიჭირდა, დაცვაში იმაზე უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ბოსნიასთან. სანიოლმა რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოიყენა: 3-4-2-1, 5-4-1, 5-2-2-1… თუმცა, ახლა ტაქტიკებს კი არ უნდა ამუშავებდეს, დამუშავებული ტაქტიკები უნდა დაახვეწინოს გუნდს, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის ოთხი მატჩი ელის ათდღიან მონაკვეთში.