უკვე მოგახსენეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ფავორიტი გამოიკვეთა — ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგი. წერენ, რომ „აიაქსის“ თავკაცს „იუნაიტედის“ შეფობა უკვე შეხვდა და გაესაუბრა; რაც აინტერესებდა ჰკითხა, რაც დასაზუსტებელი ჰქონდა, დააზუსტა. იმასაც ამბობენ, რომ მანკუნიანელი დირექტორები გასაუბრებას სხვა კანდიდატებთან, კერძოდ მაურისიო პოჩეტინოსთან, ხულენ ლოპეტეგისთან და ლუის ენრიკესთანაც აპირებენ.
ინგლისურ პრესაში იწერება, რომ 52 წლის ტენ ჰაგი ფეხბურთს მიღმა მოკრძალებული კაცია და ისე ცხოვრობს, რომ ჰედლაინებში არ ხვდება. ფეხბურთს ჰოლანდიაში თამაშობდა, ცენტრალური მცველი იყო, შემდეგ კი მწვრთნელის პროფესიას მოჰკიდა ხელი და სამშობლოს გარდა გერმანიაშიც იმუშავა.
ტენ ჰაგმა, როგორც მწვრთნელმა სახელი „აიაქსში“ გაითქვა. მის ხელში ამსტერდამის ლეგენდარულმა გუნდმა ორჯერ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ორჯერ თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა.
„სანმა“ ერიკ ტენ ჰაგის ცხოვრებისა და კარიერის ათი საყურადღებო მომენტი ამოკრიბა.
- ტენ ჰაგს ბავშვობაში ცეკვა ფეხბურთზე ნაკლებ როდი უყვარდა. ჰაკსბერგენში სახელოვნებო სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც ფეხბურთზე შეაჩერა.
- პატარა ერიკის დედას გული გახეთქვაზე ჰქონდა. მას შვილი გიჟი ეგონა. აბა, რა უნდა ეფიქრა, როდესაც თამაშიდან შინ დაბრუნებულ 7 წლის ბიჭუნას ზედმეტი დატვირთვის გამო გული აერია. ტენ ჰაგი მიიჩნევდა, რომ ძალიან ბევრი უნდა ერბინა, სხვანაირად ბურთაობა ვერ წარმოედგინა. ხშირად ბავშვთა გუნდებს მოთამაშეები აკლდათ, ამიტომაც ყოფილა შემთხვევა, თავისი ნებით ზედიზედ სამ(!) მატჩში მიუღია მონაწილეობა.
- 1989 წელს ტენ ჰაგი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, „ტვენტეში“ აიყვანეს. ამ კლუბში სხვადასხვა დროს სამჯერ გამოდიოდა. მან აგრეთვე ითამაშა „გრააფსხაპში“, „ვალვაიკსა“ და „უტრეხტშიც“, თუმცა ნიჭიერი არ იყო ნაკრებში არასდროს გამოუძახიათ. ერთადერთი პრიზი აქვს მოგებული — ჰოლანდიის თასი „ტვენტეს“ შემადგენლობაში. ეს 2001 წელს მოხდა.
- ფეხბურთელობისთვის თავი 10 წლის დანებებული ჰქონდა, როდესაც 2012 წელს, მეორე დივიზიონის კლუბ „გო ეჰედ იგლზში“ ყოფილმა ვარსკვლავმა მარკ ოვერმარსმა მწვრთნელად აიყვანა. თანამდებობაზე ერთი სეზონი დაჰყო.
- რატომ მხოლოდ ერთი? იმიტომ, რომ გერმანიიდან მოუვიდა მოწვევა, თორემ კაცს, რომელმაც გუნდი პირველივე მიკარებით პირველ დივიზიონში გადაიყვანა(!), ოვერმარსი რატომ გაუშვებდა.
- 2013-15 წლებში ტენ ჰაგი „ბაიერნის“ სათადარიგოებს მოძღვრავდა. იმხანად ბავარიელთა თავკაცი პეპ გვარდიოლა იყო. ჰოლანდიელმა მისგან ბევრი ისწავლა. 2019 წელს ინტერვიუშიც კი თქვა, რომ კატალონიელის ფილოსოფიამ მოხიბლა და „აიაქსში“ მისი იდეების დანერგვა დაიწყო.
- 2015 წელს ანუ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ წასვლის წინა წელიწადს ტენ ჰაგი „უტრეხტის“ თავკაცად დანიშნეს. აქ მან ორი წელიწადი დაჰყო. პირველ სეზონში გუნდი მეხუთე ადგილზე გაიყვანა, მეორეში კი ევროლიგაში გამსვლელი ადგილი მოაპოვებინა.
- ამასობაში მარკ ოვერმარსი „აიაქსის“ სპორტული დირექტორი გახდა და 2017 წელს ტენ ჰაგი ამსტერდამში წაიყვანა. რა ტიტულებს მიაღწია ახალმა მწვრთნელმა „აიაქსში“, ზემოთ მოგახსენეთ. აქ, ეფექტისთვის ერთადერთი იმას დავამატებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თვით „რეალი“ დაამარცხა, თან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 4:1 მოუგო.
- მიიჩნევს რა თავს იოჰან კრუიფის მოსწავლედ, ტენ ჰაგი 4-3-3 განლაგების ერთგულია. მისი გუნდებისთვის მნიშვნელოვანია ბურთის ფლობა. მისი ყოფილი მოთამაშეები ამბობენ, რომ ერიკის ყოველი ვარჯიში რაღაც მიზანს ემსახურება.
- ტენ ჰაგის მეუღლეს ჰქვია ბიანკა. ის „აიაქსის“ თავკაცის ბავშვობის შეყვარებულია. მათ სამი შვილი ჰყავთ. თავისუფალ დროს, ძვირიან ბუტიკებში სიარულის ნაცვლად ოჯახი ექსკურსიებზე დადის. ტენ ჰაგს ტყეში დასვენება უყვარს.