… არანაირი „ნაპოლიში“ ტრანსფერი და ათნომრიანი მაისურა არ არსებობს. ჯერ ერთი ამ მაისურას, მარადონას უკვდავსაყოფად, ტაბუ დაედო ნეაპოლურ კლუბში და მეორეც – „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ინტერესი არ აქვს.
სამაგიეროდ არსებობს მარტივი მოცემულობა – „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.
ამ მარტივ მოცემულბაში კი საქმე ცოტა რთულადაა, რადგან კვარაცხელიას მოქმედებას, გნებავთ – უმოქმედობას, ჩვენში სახალხო იმედგაცრუება მოჰყვა. თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც სისხლის კალოს ლეწავს კრემლის პირსისხლიანი რეჟიმი უკრაინაში და ქართული ფეხბურთის იმედი დღემდე დუმს. მეტიც, კვარაცხელიამ კაპიტნის სამკლაური შეიბა და იმ რუსული არმიის გუნდის კაპიტანს ჩამოართვა ხელი, რომლის ქვეყნის ჯარიც მშვიდობიან მისახლეობას, უმწეო მოხუცებს და ბავშვებს ხოცავს ლამის იავარქმნილ უკრაინაში.
ზოგი იმასაც ამბობს, მეტი რაღა ქნას, ხომ წამოვიდა „რუბინიდანო“…
მესმის რომ რთულ მდგომარეობაშია ახლა ხვიჩა კვარაცხელია და გარკვეულწილად ამაზე მისმა გარემოცვამაც „იზრუნა“, მაგრამ ახლა არაა წაყრუების და დუმილის დრო, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას.
და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში! ისევე როგორც კალათბურთელ შენგელიას წასვლა ცეესკადან. უბრალოდ, ორივემ სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედა – შენგელიამ სანქცირებულ რუსულ არმიას კარიერული წინსვლისთვის უგანა და მისი მხრიდან ეს საპროტესტო მჯიღთაცემა ძალიან უმწეო არგუმენტი გამოდგა იმ მოცემულობაში, როცა, თავის დროზე, გააზრებულად ჩადგა რუსული არმიის გუნდის სამსახურში…
ხვიჩა კი დუმს, სამშობლოში დაბრუნებულიც დუმს და ამ დამოკიდებულებით ძალიან გაუჭირდება რეაბილიტაცია ათასობით ქომაგის გულში…