როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ახალი ეპოქა დგება, რომელშიც დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება და აღშფოთება საკმარისი აღარ არის. ამის ყველაზე მკაფიო ნიშნებს დიდი ბრიტანეთი ამჟღავნებს, რომელიც თავის ფეხბურთის კლუბებს, უფრო სწორად კი მათ მეპატრონეებს დაერია.
„ჩელსისა“ და რომან აბრამოვიჩის ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართალია, 55 წლის ოლიგარქი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქმიანი კავშირები აქვს ანუ აფინანსებს მას, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ არ დაუჯერა და კამჩატკის ყოფილ გუბერნატორს ლონდონური კლუბის გაყიდვას აიძულებს. როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ აბრამოვიჩის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები გადადგა. რუსი მილიარდერთან დაპირისპირებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტის წევრი კრის ბრაიანტი გახლდათ.
და აი, ბრაიანტი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე. ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახლა „მანჩესტერ სიტის“ მეპატრონეს შეიხ მანსურს უტევენ. შეიხი მანსური არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრემიერია და ამასწინათ, მის ქვეყანაში ვიზიტად მყოფ სირიის პრეზიდენტ ბაშირ ალ ასადს შეხვდა. ასადი საემიროებში 11 წელიწადია არ ყოფილა, მას მერე, რაც სირიაში სამოქალაქო ომი ატყდა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: „დიდ ბრიტანეთს მტკიცედ სწამს, რომ რაკი სირიის რეჟიმი დამოკიდებულებას არ იცვლის, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განმტკიცება სირიაში ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებას ეწინააღმდეგება“.
კრის ბრაიანტმა განაცხადა, რომ საჭიროა გადაიხედოს შეიხ მანსურის მიერ „მანჩესტერ სიტის“ ფლობის საკითხიც. მისი აზრით, ბრიტანელებმა ერთხელაც უნდა გამოიკვლიონ რამდენად აკმაყოფილებს მანსური მათ ქვეყანაში მოღვაწეობის პირობებს. არის თუ არა ის ბრიტანეთისთვის შესაფერისი პიროვნება.
ბრაიანტმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში თქვა: „რას ვერ გაიგებს ხალხი? სირიაში ასადის ძალისხმევით ბარბაროსული მკვლელობები ხორციელდებოდა. ახლა პუტინი ზუსტად იმავეს აკეთებს უკრაინაში. და რა, ზოგიერთებს ამ „მაგარ ბიჭებთან“ შეხვედრა უნდათ?“
აღსანიშნავია, რომ თვით დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო მონაწილეობა აბრამოვიჩისთვის „ჩელსის“ ჩამორთმევის საკითხში. პრემიერმა ლონდონელ ფანებს პირადად მოუწოდა ტრიბუნებიდან მის სახელს ნუღარ ყვირიან.