„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

„ბოროს“ პირველ ტაიმში ერთი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მეორე ნახევარში კი გუნდები მომენტების სიუხვით ვერ დაიკვეხნიდნენ.

ამრიგად, „მიდლსბრო“, რომელმაც ასოციაციის თასის მიმდინარე გათამაშებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ გამოთიშა, პირწმინდად დამარცხდა „ჩელსისთან“, რომელთანაც 1997 წელს ამავე თასის, ხოლო 1998 წელს ლიგის თასის ფინალები წააგო.

Lukaku scored his first goal since the Club World Cup final last month