Sakho's Lamborghini Huracan, which he bought in 2016. Image: Twitterრაც ფეხბურთში ფული ტრიალებს… „ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სენეგალელმა დიაფრა საკომ, რომელიც ახლა 32 წლის არის და ჯიბუტიში თამაშობს, 2018 წელს თავისი „ლამბორგინი“ ლონდონში, „ჩაქუჩების“ ბაზასთან დატოვა და „რენში“ ისე გადავიდა.

ფეხბურთელები და მათი ჯამაგირები მთელს მსოფლიოში სალაპარაკო თემაა. ზოგი ამბობს, რომ მათთვის ამხელა ფულის გადახდა უსამართლობაა. მეორენი ამტკიცებენ, რომ მათ კლუბებისთვის იმხელა შემოსავალი მოაქვთ, რომ კიდევ უფრო მეტს უნდა იღებდნენ. უღირთ თუ არა მოთამაშეებისთვის ვეებერთელა გასამრჯელოების გადახდა, ალბათ, ჯობს თავად კლუბების მილიარდერ მეპატრონეებს ჰკითხონ.

იმ შემთხვევაში, თუკი 21(!) წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავა, მას კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქას დაუნიშნავენ, მაგრამ მოდი, გამორჩეულ შემთხვევებს შევეშვათ — პრემიერლიგაში ჩვეულებრივი ფეხბურთელებიც ძალიან ბევრს იღებენ.

სწორედ ასეთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო საკო, რომელიც „ვესტ ჰემმა“ „მეცისგან“ 2014 წელს 2 მილიონ გირვანქად იყიდა. თავდამსხმელმა პირველ სეზონში გაამართლა, 10 გოლი შეაგდო, მაგრამ შემდეგი ორნახევარი სეზონის განმავლობაში მონაგარს მხოლოდ 8 გოლი დაამატა. 2017-18 წლების სეზონის პირველ ნახევარში სენეგალელი ერთხელაც ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩრდილო ლონდონელებმა ის „რენში“ გაყიდეს.

და აი, მივედით იმ მომენტზე, როდესაც საკომ გაიგო, რომ „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი აღარ არის. ის „რაშ გრინის“ საწვრთნელი ბაზიდან გავიდა და… „ლამბორგინი“ სადაც დააყენა, იქ დატოვა.

ამ დღიდან გარკვეული ხნის განმავლობაში, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო შეემჩნია მდიდრული მანქანა, რომელიც ერთსა და იმავე ადგილზე იდგა.

საინტერესოა, რომ საკო სულაც არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ფულმა ისე „შეაწუხა“, რომ თავისი მანქანა ძველი კლუბის კართან დატოვა და ახალში ისე წავიდა. ასეთი გახლდათ „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშე ჯერმაინ პენანტიც, რომელმაც 2010 წელს თავისი ავტომობილი „სარაგოსას“ ბაზასთან დატოვა და ისე გაემგზავრა ინგლისში, სადაც „სტოკ სიტიში“ გააგრძელა კარიერა.