ნიკ კენდი ამბობს, რომ თუ „ჩელსის” მეპატრონე გახდება, კლუბის განვითარებისთვის ფულს არ დაინანებს. ლონდონელმა დეველოპერმა რომან აბრამოვიჩისგან ორ მილიარდ გირვანქაზე ძვირადღირებული კლუბის შესაძენად განაცხადი დროულად, პარასკევ საღამოს 9 საათამდე შეიტანა.
კენდიმ პირობა დადო, რომ მისი „გლობალ კონსორციუმი”, რომელსაც ფინანსურად ზურგი ევროპის გარდა აშშ-დან და სამხრეთ კორეიდან უმაგრდება კლუბის მართვა-პატრონობის ახალ მოდელს დაამკვიდრებს. მან თქვა, რომ თანამეინახე „ლურჯ ფანებსაც” ჩართავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
მაგრამ, როგორ უყურებენ კენდის კანდიდატურას თავად თანამეინახე „ლურჯი ფანები”? მათ ეჭვი აქვთ, რომ ის ვერ შეძლებს ღირსეულად ჩაიბაროს ესტაფეტა აბრამოვიჩისგან, რომელმაც 19 წელიწადში გუნდს 19 მნიშვნელოვანი ჯილდი და ორიც ინგლისის სუპერთასი მოაპოვებინა.
კენდიმ „სანთან” ინტერვიუში თქვა: „ბურთაობასთან და სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით ყველაფერი მარტივია — მიჰყევი არსებულ მოდელს და მეტი არაფერია საჭირო. დამკვიდრებულ პრინციპს ჩვენთვის არ უღალატია. ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის აწყობილი.
ბოლო 20 წლის განმავლობაში მოედანზე საქმე ჩინებულად მიდიოდა. ჩვენ დიდებულ ფეხბურთს ვთამაშობდით და ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა მოვიგეთ. რომანმა ენით აუწერელი სამუშაო გაწია. თუ კლუბი ჩემი გახდება, შევეცდები ბრუს ბაკი და მარინა გრანოვსკაია არ შევცვალო. თუ ისინი დარჩენას ისურვებენ, მე მათ სიამოვნებით დავტოვებ. რატომ უნდა ჩავერიო იმაში, რაც ჩინებულად მუშაობს?
მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” არ უნდა დავემსგავსოთ. იმას ვგულისხმობ, რომ კლუბს ერთი ოჯახი არ უნდა ფლობდეს. ახალი ორიენტირებია საჭირო.
რატომ უნდა მართავდეს კლუბს ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ბოლოს და ბოლოს იქამდე მივა, რომ კლუბში ფულს აღარ ჩადებს და ფანები მას შეიძულებენ? ეს უნდა იყოს გლობალური კონსორციუმი. ჩვენ ჩინეთში 100 მილიონი გულშემატკივარი გვყავს, ინდოეთში 80 მილიონი და სამხრეთ-აღმისავლეთ აზიაში 70 მილიონი. გვყავს ბევრი ფანი ევროპასა და ამერიკაში. მაშ რატომ არ უნდა იმართებოდეს კონსორციუმი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან? სწორედ ასე მინდა წარმოვაჩინო ჩემი წინადადება კლუბის ყიდვის თაობაზე”.
კენდის ფინანსურ მხარდამჭერთაგან ჯერჯერობით მხოლოდ ერთია ცნობილი — კორეული კომპანია „ჰანა”, თუმცა ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ მალე სხვა „ყულაბების” ვინაობასაც გაასაჯაროვებს. მათ შორის ყოფილან ამერიკულ სპორტში, კერძოდ კი NBA-სა და NFL-ში ფეხმოკიდებული წყაროები.
კენდის გარდა „ჩელსის” შესაძენად განაცხადები შეიტანეს შვეიცარიულ-ამერიკულმა კონსორციუმმა, რომლის სათავეშიც დგანან ჰანსიორგ ვისი და ტოდ ბოელი; საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა; ჩიკაგოს კლუბების მეპატრონე რიკეტსების ოჯახმა და ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ მარტინ ბრაფტონი და მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი ლორდი სებასტიან კოე.