ბუნდესლიგაში, „ბოხუმისა” და „გლადბახის” შეხვედრა 69-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: 39 წლის თანამსაჯ კრისტიან გიტელმანს ტრიბუნიდან თავში ლუდის ჭიქა მოარტყეს. ამ მომენტისთვის „გლადბახი” 2:0-ს იგებდა.
თანამსაჯი მყისვე წაიქცა და ნატკენ ადგილზე ხელი მოიკიდა. შეხვედრის დელეგატმა მსაჯების უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა თამაში.
„ბოხუმის” ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტრიბუნასთან მიირბინეს და გულშემატკივრებს გაუწყრნენ. განსაკუთრებით აღშფოთებული ჩანდა მეკარე მანუელ რაინმენი, რომელმაც ჟესტებით ჭიქის მსროლელი გამოლანძღა — ანიშნა, უტვინო ხარო.
მოგვიანებით, „ბოხუმის” ინგლისურენოვანმა ტვიტერმა გაავრცელა განცხადება: „ვიღაც იდიოტმა მოედანზე რაღაც ნივთი ისროლა და თანამსაჯს გაარტყა. ასეთ, წარმოუდგენლად შტერულ და უპასუხისმგებლო საქციელს სტადიონზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იდიოტი! იდიოტი! იდიოტი!
იმედია თანამსაჯი კარგად არის”.
საინტერესოა, რომ კოვიდ-რეგულაციების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ბოხუმს” სარბიელზე 25 000 გულშემატკივრის შეშვების ნება დართეს. მავანს კი ეტყობა ამ ხნის განმავლობაში ხულიგნობა მოენატრა ძალიან.
სამწუხაროდ, ევროპაში ასეთი შემთხვევები ხდება. ასე მაგალითად, ინგლისში, „ბარნლის” ფეხბურთელს მეტ ლოუტონს „ლიდსის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნის დროს ბოთლი გაარტყეს, „გუდისონ პარკზე” კი „ასტონ ვილას” ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაშავდა, როდესაც ტრიბუნიდან რაღაც ნივთები გადმოყარეს.
კარგი დღე არ დაადგა „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელ როდრისაც, რომელმაც თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი შეაგდო და… რატომღაც „არსენალის” ფანების სექტორთან მოუნდა გახარება.