ლივერპულში, „გუდისონ პარკზე“, ასეთი ამბავი მოხდა: „ევერტონისა“ და „ნიუკასლის“ პრემიერლიგური შეხვედრის მეორე ტაიმის წინ მოედანზე შევარდა 21 წლის ახალგაზრდა მაისურით, რომელზეც ეწერა Just Stop Oil და კარის ძელზე თავი მიიბა. მან ლაგამი სახიფათოდ, პირდაპირ ყელზე გამოინასკვა.
ახალგაზრდასთან მის მოედნიდან გასაყვანად მიცვივდნენ სტიუარდები, პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, მაგრამ გაირკვა, რომ ადგილიდან მის უხიფათოდ გარიდებას დრო სჭირდებოდა. საჭირო იყო ნავთობმრეწველობის მოწინააღმდეგისთვის ზონარი ფრთხილად შეეხსნათ.
აქციაზე პასუხისმგებლობა ტვიტერის გვერდმა Just Stop Oil აიღო. მისი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გახლდათ. ეკოლოგიის დამცველებს არ უნდათ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ნავთობის მოპოვების ახალ-ახალი პროექტები აამოქმედოს.
კარის ძელზე კისრით მიბმულმა 21 წლის ლუისმა საზოგადოების ყურადღება მართლაც მიიპყრო, თან იმდენად, რომ ამ საზოგადოების ორი წევრი მის გასალახად ტრიბუნიდან გადმოხტა და პოლიციელებს რომ არ შეეპყროთ, ჩანაფიქრს აასრულებდნენ.
ლუისის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებას აქ აღარ მოვიყვანთ. მოკლედ გეტყვით, რომ მან ეკოლოგიური კატასტროფა და შემზარავი მომავალი იწინასწარმეტყველა, თუმცა თქვა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო ჯერ არის და საჭიროა ყველამ გააერთიანოს ძალისხმევა.
მისმა აქციამ და „ევერტონის“ ნახევარმცველის ალანის გაძევებამ მსაჯი იძულებული გახადა მატჩისთვის 17 წუთი დაემატებინა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ მათ მაინც მოახერხეს 99-ე წუთზე გოლის გატანა და 1:0 გამარჯვება. გოლი ალექს ივობიმ გაიტანა.
ეს გახლდათ „ევერტონის“ პირველი გამარჯვება ბოლო ხუთ თამაშში. ახლა „ირისებს“ 27 შეხვედრიდან 25 ქულა აქვთ და მე-17 ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მერე უკვე გასავარდნთა სამგუნდიანი ზონა მოდის. „ევერტონის“ მდევარ „უოტფორდს“ 29 თამაშიდან 22 ქულა აქვს.
ჯგუფმა Just Stop Oil ოთხშაბათს ლონდონში „ემირეით სთედიუმზეც“ სცადა მსგავსი აქციის მოწყობა, მაგრამ სტიუარდებმა იყოჩაღეს.