„ლივერპულმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო და ჯეიმი კარაგერმა იწამა, რომ ამიერიდან მის ყოფილ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია. მართალია, ამ გაზაფხულზე „მეთოფეები“ ჩინებულ ფორმაში არიან, მაგრამ „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტასა და რობერტო ფირმინოს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, სამი ქულა შეიმატეს.
ამ შედეგმა მერსისაიდელები „მანჩესტერ სიტის“ მაქსიმალურად მიუახლოვა, ახლა ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ცხადია, „ქალაქელების“ უპირატესობა მეტი იქნებოდა პეპ გვარდიოლას გუნდს ორშაბათს „კრისტალ პალასთან“ 0:0 რომ არ ეთამაშა.
კარაგერმა აღიარა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში „წითლების“ ბანაკში ბევრს იმედი გადაწურული ჰქონდა. მათ ეგონათ, რომ „სიტის“ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა შედეგებმა სურათი შეცვალა. „სიტი“ ქულებს კარგავს, „ლივერპულმა“ კი ზედიზედ ცხრა თამაში მოიგო და მერსისაიდელთა ლეგენდარულმა მცველმა კვლავ ირწმუნა, რომ ტიტულის მოპოვება შეიძლება.
კარაგერი: „ახლა ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც „ლივერპულთან“ არის დაკავშირებული, იმედით აღივსო და სჯერა, რომ გუნდს ტიტულის მოპოვება შეუძლია.
პირადად მე ამ სეზონში პირველად ვიფიქრე, რომ ჩემპიონობის ბედი სულაც არ არის გადაწყვეტილი. აქამდე მეგონა, რომ ტიტულს „მანჩესტერ სიტი“ მოიგებდა.
„სიტი“ ჯერ კიდევ ერთი ქულით წინ არის, მაგრამ ვფიქრობ, „ლივერპულს“ ხელსაყრელი მომენტი უდგას. ის შეიძლება შემდეგ ტურშივე გადავიდეს პირველ ადგილზე. მართალია, მანკუნიანელები შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ აქა-იქ ქულებს კარგავენ.
უნდა ნახოთ, რა განწყობაზე არიან ლივერპულელი ფანები. ალბათ, წარმოგიდგენიათ როგორ იბობოქრებს „ენფილდი“ შემდეგ ტურებში. გარწმუნებთ, კოპის ტრიბუნაზე ახლა უკვე ყველას სწამს, რომ ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება“.
დიდი საჩემპიონო დაპირისპირება კი 10 აპრილს გაიმართება — „ლივერპული“ „ეტიჰედზე“ ჩადის სტუმრად.
„წითლების“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ვერ დაიჯერა „სიტის“ ფრე „სელჰარსტ პარკზე“.
კლოპი: „მანჩესტერელების თამაშს 65 წუთი ვუყურე. ვუყურებდი რათა გამეგო, უნდა დამეჯერებინა რაც მოხდა თუ არა, თორემ სხვათა მატჩების საყურებლად დრო არ მაქვს. „კრისტალ პალასმა“ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, თუმცა „„მანჩესტერ სიტიც“ ძალიან კარგი იყო. შედეგი რომ გავიგე სახტად დავრჩი.
ახლა ჩვენი ამოცანაა ყველა თამაში მოვიგოთ. გასაგებია, რომ ეს ძნელია, მაგრამ მეტად ამბიციურები ვართ და დიდ მიზნებს ვისახავთ“.