საუდის არაბეთის მედია ჯგუფმა „ჩელსის“ ყიდვა განიზრახა. ის 2,7 მილიარდ გირვანქას იხდის. ლონდონური კლუბის გაყიდვა საშური საქმეა, რადგან დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გასულ კვირას მის მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო აქტივები გაუყინა.
CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეკობსი იტყობინება, რომ საუდელ მყიდველთა კერძო კონსორციუმს პიროვნულად მავანი გულშემატკივარი მოჰამედ ალხერეიჯი წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, ხსენებულ მედია ჯგუფს ქვეყნის ხელისუფლებასთან ფორმალურად კავშირი არ აქვს. მეტი სიცხადისთვის დავძენთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ პატრონი „პაბლიკ ინვესტმენტ ფანდი“, რომელიც ასევე საუდის არაბეთიდან გახლავთ, პირდაპირ სახელმწიფო ორგანიზაციაა.
ამის მიუხედავად, ჯეკობსი წერს, რომ ალხერეიჯის მედია ჯგუფს სპონსორებით სამეფო ოჯახის წევრი და ბიზნესმენი მოჰამედ ბინ ხალიდ ალ საუდი ამარაგებს. დავაზუსტოთ: ხალიდ ალ საუდი არის საუდის არაბეთის ტელეკომის თავმჯდომარე, საუდი ტელეკომი კი სახელმწიფო კომპანიაა, რომელშიც თავისი მსუყე წილი „ნიუკასლის“ პატრონ „პაბლიკ ინვესტმენტ ფანდს“ ეკუთვნის.
მოჰამედ ალხერეიჯი ახალგაზრდობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის „კას ბიზნეს სკოლაში“ სწავლობდა. მას მჭიდრო კავშირები აქვს საუდის საფეხბურთო კლუბებთან „ალ ნასრთან“ და „ალ ჰილალთან“. ალხერეიჯი ნოემბერში ინგლისში იყო და „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრას (1:1) დაესწრო.
როგორც ინგლისური ვებ-გვერდი „გოლი“ იტყობინება საუდის მედია ჯგუფის წლიური შემოსავალი 770 მილიონი გირვანქაა, მაგრამ თუ საჭირო იქნება სამეფოს სხვა ორგანიზაციებიც მზად არიან მატერიალურად დაუდგნენ მხარში.
ალხერეიჯის მედია ჯგუფი აპირებს ფული მარტო „ჩელსის“ მთავარ გუნდში კი არ ჩადოს, არამედ ბავშვთა აკადემიასაც სერიოზულად მიჰხედოს და არც ქალთა გუნდი დარჩეს უყურადღებოდ.
მაგრამ, საუდის არაბეთი გახლავთ სამეფო, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ და ამიტომ არ არის გამორიცხული „ჩელსიმ“ ევროპიდან და აშშ-დან შემოსულ წინადადებებზე უფრო გაამახვილოს ყურადღება. თუმცა, საუდის მედია ჯგუფი თავს იმართლებს. ის ამბობს, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ მეპატრონე „პაბლიკ ინვესტმენტ ფანდის“ კატეგორიაში არ გადის.
და მართლაც, ინგლისში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ალხერეიჯის მედია ჯგუფი ბრიტანეთის მთავრობის წინაშე ისეთი წინადადებით წარსდგება, რომელსაც ვერ მოედავები. მასში პრემიერლიგის ერთი წესი და მოთხოვნაც კი არ იქნება დარღვეული. ამ ჯგუფმა თავის სამშობლოში ააშენა „ალ ნასრის“ სტადიონი „მრსულ პარკი“ და ცხადია, „სტემფორდ ბრიჯთან“ დაკავშირებითაც დიდი გეგმები ექნება.
საუდის მედია ჯგუფის გარდა „ლურჯების“ შეძენა სურთ ბრიტანელ მილიარდერ ნიკ კენდისაც. ლაპარაკია აგრეთვე ამერიკელ, შვეიცარიელ და შვედ ბიზნესმენებზე.