გუშინ, „ჩელსის“ მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს თელ ავივის აეროპორტში ფოტო გადაუღეს. სანქციადადებული რუსი მილიარდერი „ბენ გურიონიდან“ სტამბოლში მიფრინავდა.
ფოტოზე აბრამოვიჩი აეროპორტის VIP ლაუნჯში ზის. ოლიგარქი „ბენ გურიონის“ აეროპორტში თელ ავივთან მდებარე 65 მილიონ გირვანქად ღირებული კარ-მიდამოდან მივიდა. აბრამოვიჩის თვითმფრინავი Gulfstream G650ER თურქეთში შუადღის სამ საათზე დაეშვა.
„სანი“ წერს, რომ აბრამოვიჩი რუსეთის გარდა ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეა. ის გახლავთ ერთ-ერთი იმ შვიდი რუსი მილიარდერთაგანი, რომელსაც ბრიტანეთმა სანქციები დაადო. სანქციების მიზეზი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მათი ახლო ურთიერთობაა.
გუშინვე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ფინანსური, საავიაციო და საბანკო სამსახურები აბრამოვიჩის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის საკითხს შეისწავლიან. ლაპიდმა ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინის მეზობელ სლოვაკეთში ვიზიტის წინ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ისრაელი არ გადაიქცევა გვერდის ავლის გზად იმ სანქციებისთვის, რომლებიც აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს“.
აბრამოვიჩმა, რომელიც პუტინთან მჭიდრო ურთიერთობას უარყოფს, ისრაელის მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო და მყისვე მოხვდა ქვეყნის სამ უმდიდრეს ადამიანს შორის.
„სანის“ ვერსიით, ამ დღეებში „ჩელსის“ მეპატრონის ორი სუპერ-იახტა My Solaris და Eclipse სავარაუდოდ ისრაელისკენ მიემართება. MarineTraffic-ის თანახმად, My Solaris გასულ კვირას ბარსელონის პორტიდან გავიდა და ახლა მონტენეგროშია, ხოლო Eclipse ხმელთა შუა ზღვაში მიცურავს.
My Solaris აღჭურვილია ვერტმფრენების ასაფრენ-დასაჯდომი მოედნითა და რაკეტების ამომცნობი მოწყობილობით. Eclipse 672 მილიონი გირვანქა ღირს.
CNBC-ს თანახმად, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ფერნბოროს აეროპორტში რუს ოლიგარქს კერძო თვითმფრინავი დაუპატიმრა. გაერთიანებულ სამეფოში აგრეთვე გაყინულია აბრამოვიჩის ბრიტანული აქტივები, რომლებიც საერთო ჯამში 3,2 მილიარდ გირვანქას უტოლდება.
„ფორბსის“ თანახმად აბრამოვიჩის ქონება 10,4 მილიარდ გირვანქად არის შეფასებული. დიდ ბრიტანეთში ის ფლობს 150 მილიონ გირვანქად ღირებულ ადგილ-მამულს კენსინგტონში, 33 მილიონ გირვანქად ღირებულ პენტჰაუსს დასავლეთ ლონდონში, კერძო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და ავტომობილებს, რაც ჯამში 1,2 მილიარდი ღირს.
„სანის“ სტატიაში წერია, რომ აბრამოვიჩისა და მისი ოჯახის წევრების ოთხი(!) იახტა და ერთი თვითმფრინავი ბრიტანულ სანქციებს მაინც გადაურჩა.
რაც შეეხება ოლიგარქის გადაადგილებას, Flightradar24-ის თანახმად აბრამოვიჩის თვითმფრინავი კვირას, 16:43-ზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა ყაზახეთის მიმართულებით, საიდანაც გადაუფრინა კასპიის ზღვას, დაჯდა ბაქოში, შემდეგ იყო თურქეთში და 21:18-ზე თელ ავივში დაეშვა.
ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა აბრამოვიჩის თვითმფრინავის ბოლო რამდენიმე კვირის მარშრუტი. 1 მარტს ის ბაქოდან მისკოვში ჩაფრინდა. მოგვიანებით, მოსკოვიდან გაემგზავრა სტამბოლს, მომდევნო დღეს ჩავიდა ანკარაში და სტამბოლში დაბრუნებამდე ანუ 4 მარტამდე ანკარაში იდგა.
კვირას, ხსენებული თვითმფრინავი სტამბოლიდან მოსკოვს გაემართა, საიდანაც თელ ავივს გაემგზავრა.
„სანი“ წერს, რომ აბრამოვიჩის 787 Dreamliner შეამჩნიეს მოსკოვსა და დუბაის შორის მარშრუტზე, „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით კი მისი ვერტმფრენი თებერვლის ბოლოს ბერმუდის კუნძულებზე მოძრაობდა.