გთავაზობთ ესპანური AS-ის წერილს „ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ წუხანდელ მატჩზე, რომელიც 0:0 დასრულდა:

თამაში საძილე ეფექტს იწვევდა, სანამ „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისეთი შეცდომა არ დაუშვა, ახალ ამბებში რომ ხვდება ხოლმე. ის დაგორებული ბურთის ფეხით შორს გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ ბორხა მაიორალს გაარტყა. პირველი შთაბეჭდილება ისეთი შეიქმნა, რომ „ხეტაფეს“ ფეხბურთელმა ბურთი მიიღო და ცარიელ კარში გოლი გაიტანა. ასე აღიქვა მსაჯმაც, რომელმაც გოლი ჩათვალა, მაგრამ ტელეგამეორებამ ცხადყო, რომ ბორხა მაიორალმა ბურთი სახეში რომ არ მოხვედროდა ხელები აიფარა და შესაბამისად გოლიც ხელით შეაგდო. VAR-ის დახმარებით მსაჯმა შეცდომა გამოასწორა.

ეს იყო დაბრუნებათა საღამო.  ხოსე ბორდალასი „კოლისეუმში“ დაბრუნდა („ვალენსიას“ თავკაცი 2016-21 წლებში „ხეტაფეს“ წვრთნიდა), კიკე ფლორესი კი „ვალენსიას“ დაუპირისპირდა („ხეტაფეს“ მწვრთნელი 1984-94 წლებში „ვალენსიაში“ თამაშობდა, 2005-07 წლებში კი წვრთნიდა „ღამურებს“)… მაგრამ, სენტიმენტები მხოლოდ ბურთის გაგორებამდე გაგრძელდა, რადგან პირველივე წუთზე „ხეტაფეს“ მცველის ხორხე კუენკას თავურმა აჩვენა, რომ მხარეებს სერიოზული განწყობა ჰქონდათ. და მართლაც, ხუთ წუთში გუნდები ექვსჯერ დაჯარიმდნენ. ბურთი უფრო ხშირად გაჩერებული იყო, ვიდრო გორავდა.

„ვალენსიას“ მასპინძლებზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. არ თამაშობდნენ გაია და ლატო; სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა სათადარიგო გუნდის მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი. „ხეტაფემ“ როგორც ზვიგენმა სისხლი იგრძნო და გადაწყვიტა მეტოქის ახალგაზრდული გუნდი გაებდღვნა, მაგრამ მისდა გასაკვირად სტუმარი ბავშვები ცემენტზე მეტად შეკრულები დახვდნენ.

გოლის გატანა სანდრომ მე-8 წუთზე საჯარიმოს გარედან, მაქსიმოვიჩმა კი მე-14-ზე კიდიდან სცადა; უნალმა 43-ე წუთზე კინაღამ მიაღწია მიზანს, მაგრამ ბურთი მამარდაშვილმა ჩაჭრა.

ვალენსიელთაგან ყველაზე მეტად თვალს ბრაიან ხილის აქტიურობა ჭრიდა. სწორედ მისი ჩაწოდებულის განეიტრალებას ცდილობდა კუენკა კინაღამ თავის კარში რომ შეაგდო, მაგრამ ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, რომელმაც პირველ ტაიმში მასპინძელთა მეკარე დავიდ სორია შეაწუხა.

მეორე ტაიმში ამაღელვებელი არაფერი მომხდარა. ერთადერთი ეპიზოდი ზემოთ აღვწერეთ, მაგრამ გოლი VAR-მა არ ჩათვალა. 83-ე წუთზე „ხეტაფეს“ ნახევარმცველს ოსკარ როდრიგესს ჰქონდა შანსი, ოღონდ მაღლა დაარტყა.