ჟოაო ფელიში ათამაშდა. პორტუგალიელმა ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
„ატლეტიკომ“ 3:1 მოუგო „კადისს“ და ლა ლიგაში მეოთხე ადგილი გაიმყარა. 126-მილიონიანი ჟოაო ათამაშდა და შესაბამისად, „ატლეტიკო“ სხვა გუნდი გახდა.
ბოლო შეხვედრებში დიეგო სიმეონეს გუნდი ფორმაში შევიდა და ვნახოთ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაში რას იზამს. შინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მანკუნიანელები ისეთ დღეში არიან, რომ ესპანელების იქ გამარჯვება გასაკვირი არ იქნება.
აი, სიმეონეს კომენტარიც ჟოაო ფელიშზე: „ყველაფერს აკეთებს, რასაც ვავალებთ. ბოლო პერიოდში იდეალურად უთავსებს ერთმანეთს ტალანტსა და სამსახურს. და კიდევ, ჟოაო ჩემზე ბრაზობს, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს მიხვდება“.
სიმეონეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ სავარაუდოდ, „რეალთან“ მომხდარი ეპიზოდი იგულისხმა. პორტუგალიელი შეცვალა, ის კი ძალიან გამწარდა.