„ჩელსის“ 110 მილიონ გირვანქად ღირებული მაშველი რგოლი გადაუგდეს. ახლა „ლურჯები“ სეზონს ჩაამთავრებენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის დასჯა ერთია, მაგრამ თავიანთი კლუბის წყლისთვის გაყოლება — მეორე. მოგეხსენებათ, „ლურჯების“ მეპატრონეს, აბრამოვიჩს, რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო პრემიერლიგაში სანქციები დაუწესეს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგისა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გაკოტრებისა და ადმინისტრაციულ მმართველობაში გადაცემის საშიშროების წინაშე დადგა.
წინა დღეებში მთავრობამ დასავლეთ ლონდონელთა კლუბს ერთი მხრივ სანქციები დაუწესა, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა დაავალდებულა. არადა, „ჩელსის“ სახელფასო ფონდი თვეში 28 მილიონი გირვანქაა.
და აი, გუშინ, ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ „ლურჯებს“ სეზონის ბოლომდე უფლება ეძლევათ გამოიყენონ სატელევიზიო შემოსავლები და საპრიზო თანხები. სატელევიზიო შემოსავლები პოტენციურად 35 მილიონ გირვანქას უდრის, საპრიზო თანხები კი (თუ გუნდი პრემიერლიგაში მესამე ადგილს დაიკავებს) 39 მილიონი გირვანქა იქნება, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვებს, კიდევ 36 მილიონი.
გამოდის, რომ მთავრობამ „ჩელსის“ 110 მილიონი გირვანქის შოვნისა და განკარგვის შესაძლებლობა მისცა.
გამოჩნდა კიდევ ერთი შეღავათი: ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრომ გუნდის სამივლინებო ხარჯები (ფული, რომელიც კლუბს დარჩენილ ტურებში უნდა დაეხარჯა) 500 000 გირვანქიდან 900 000-მდე გაზარდა.
თუ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა, გაიზრდება გასვლითი თამაშებისთვის გამოყოფილი 20 000 გირვანქის ტოლი ლიმიტიც.
რაც შეეხება ბილეთების გაყიდვას. დღეს, „ნიუკასლთან“, ლონდონელები „სტემფორდ ბრიჯზე“ 41 000 მაყურებელს ელიან. ყველა ბილეთი გაყიდულია აგრეთვე 2 აპრილს „ბრენტფორდთან“ დანიშნულ შეხვედრაშიც, მაგრამ შემდგომ ტურებში კლუბს ბილეთებით ვაჭრობა ეკრძალება.
გუშინ პრემიერლიგამ რომან აბრამოვიჩს კლუბის დირექტორად მუშაობაც აუკრძალა.
მეორე მხრივ, ვინაიდან ამიერიდან „ლურჯების“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად მთავრობამ აიღო, პრემიერლიგამ გამოაცხადა, რომ 28 დღიან ვადას მკაცრად აღარ დაიცავს.