He then completed his hat-trick - and sealed the three points - with a powerful headerკრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ოფიციალური 805-ე, 806-ე და 807-ე გოლები შეაგდო, რითაც ფიფას ბომბარდირთა სიაში იოჟეფ ბიცანი (805) ჩამოიტოვა. ეს მოხდა შაბათს, მატჩში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 3:2 მოუგო.

ფიფას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ახალი ხუთეული ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ (2001-დღემდე) — 807; იოჟეფ ბიცანი (1931-55) — 805; რომარიო (1985-2007) — 772; ლეო მესი (2003-დღემდე) — 759 და პელე (1957-1977) — 757.

37 წლის თავდამსხმელი, რომელიც რალფ რანგნიკმა წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში არ ათამაშა, ამჯერად საუცხოო ფორმაში იყო და „იუნაიტედს“ უკიდურესად საჭირო სამი ქულა მოუტანა.

ეს გახლდათ რონალდუს მეორე ჰეთ-თრიკი მანჩესტერელთა შემადგენლობაში. პირველი მან 2008 წლის იანვარში, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ შეხვედრაში შეასრულა. ის მატჩი 6:0 დასრულდა.

„ტოტენჰემთან“ თამაშამდე კრიშტიანუს წინა 10 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.

ამრიგად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს კარიერაში 59 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.

რაც შეეხება ასაკს, ერთ შეხვედრაში სამი გოლის მასზე „ბებერი“ ავტორი მხოლოდ ტედი შერინგემია. 2003 წლის აგვისტოში, როდესაც შერინგემმა „პორტსმუთის“ მაისურით „ბოლტონს“ სამი გოლი გაუტანა, ის 37 წლის და 146 დღის იყო. წუხელ რონალდუ 37 წლისა და 35 დღის გახლდათ.

„ტოტენჰემთან” გამარჯვებამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე აიყვანა. ახლა რონალდუ და კომპანია „არსენალზე“ ორი ქულით წინ არის, მაგრამ „მეთოფეებს“ ოთხი(!) თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.