And Ferdinand believes their recent history in Europe suggests Pochettino is not the issueრიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის.

მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა.

ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება. „ლე პარიზიენი“ წერს, რომ ის და სპორტული დირექტორი ლეონარდო ცუდი შედეგების გამო „პარკ დე პრენსს“ დატოვებენ.

ბედის ირონიაა, რომ ამ კვირაში სრულდება ხუთი წელი მას მერე, რაც პარიზელებმა „ბარსელონასთან“ პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა 4:0 ქარს გაატანეს და საპასუხოში სამარცხვინოდ დამარცხდნენ 1:6. მაშინ მათი მწვრთნელი უნაი ემერი იყო.

როგორც მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის გამარჯვებული ფერდინანდი პოჩეტინოს გამოესარჩლა: „თუ პსჟ-ს ისტორიას გადავხედავთ, დავასკვნით, რომ „რეალთან“ მარცხში მწვრთნელი დამნაშავე არ არის. ამ კლუბმა წლების მანძილზე ბევრი თავკაცი გამოიცვალა. ისინი ყველანი ხდებოდნენ საფრანგეთის ჩემპიონები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ხელმოცარულები ტოვებდნენ.

დღესაც ვნახეთ, როგორ ჩაფლავდა გუნდი და ეს კვლავ არ იყო ერთი სეზონის ეპიზოდი. ასეთი ფიასკო „პარი სენ ჟერმენს“ ყოველ წელიწადს მოსდის. არადა, კლუბი, რომელსაც ჰყავს უამრავი ტალანტი, განსაკუთრებით თავდამსხმელები, თითქოს უნდა იმარჯვებდეს. ისინი კი მარცხდებიან ხან მეოთხედფინალში, ხან ნახევარფინალში, ხანაც ფინალში… „პარი სენ ჟერმენი“ უფუნქციო გუნდია. ეს სიტყვა მათი თამაშის ყაიდას ყველაზე კარგად ახასიათებს.

ამიტომაც არ მიმაჩნია სწორად თითის პოჩეტინოსკენ გაშვერა.

პარიზელებს ჰყავთ კილიან მბაპე, ნეიმარი და ლეო მესი. ვფიქრობ, ამ დიდმა ეგოებმაც ითამაშეს თავიანთი უარყოფითი როლი გუნდის წარუმატებლობაში. რასაკვირველია, კლუბის კულტურას მწვრთნელი ქმნის, ის ქმნის გარემოს სადაც ფეხბურთელები მშვიდად და კომფორტულად უნდა იყვნენ, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ დიდი ეგოების გუნდია. ვიმეორებ, ეს არის გუნდი, რომელსაც ჰყავს მბაპე, ნეიმარი და მესი. თითოეულ ამ ფეხბურთელთაგანი ნებისმიერ სხვა გუნდში იქნებოდა მთავარი ვარსკვლავი, რომელზეც მთელი გუნდი იმუშავებდა. საქმეც სწორედ ამაშია. სამი ასეთი ფეხბურთელის ერთდროულად ყოლა ართულებს საქმეს უმაღლეს დონეზე. სამლიდერიანი მიდგომა საფრანგეთის ლიგას ჰყოფნის, სადაც ყოველ წელიწადს ხდებიან კიდეც ჩემპიონები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში სამი ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომლებიც გუნდისთვის საჭირო ინტენსიურ სამუშაოს არ ასრულებენ, გამარჯვებას შეუძლებელს ხდის“.