მსაჯები მკაფიო წესებს ითხოვენ. ლა ლიგაში, „ელჩესა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში იყო ორი ეპიზოდი, რომელმაც კამათი გამოიწვია. ამ ეპიზოდების გამო არბიტრებმა გადაწყვიტეს მოითხოვონ ზუსტი განმარტება, ხელით თამაშისთვის რა შემთხვევაში ინიშნება პენალტი და რა შემთხვევაში არა.
ხელით თამაში ფეხბურთის აქილევსის ქუსლია. წესების შემოქმედნი ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ რა შეიძლება მივიჩნიოთ ხელით თამაშად და რა არა, მაგრამ ჩამოყალიბებულ პასუხამდე ვერ მიდიან. ინტერპრეტაცია, თუ რას ეწოდება ხელით თამაში ხშირად იცვლება. რასაკვირველია, თუკი ასეთი ცვლილება აუცილებელია, სასურველია ის სეზონებს შორის შემოიღონ, მაგრამ პრობლემაც ის არის, რომ მსაჯებს ახალ-ახალ ინსტრუქციებს უფრო ხშირად აძლევენ. თავის მხრივ, მაყურებელი ხედავს, რომ არბიტრები ფეხბურთელების ერთსა და იმავე მოქმედებაზე ხან უსტვენენ, ხან კი არა და ღიზიანდება.
„ელჩესა“ და „ბარსელონას“ ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში, ხელით თამაშის გამო „ბარსელონას“ პენალტი დაარტყმევინეს, „ელჩეს“ სასარგებლოდ კი არ დაუსტვინეს. ამის დამადასტურებელი ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ.
ესპანური მედია წერს, რომ ამ თამაშის შემდეგ, მთელი ევროპის მსაჯებმა IFAB-ს მიმართეს თხოვნით შეცვალოს წესები. როგორც თავში მოგახსენეთ, მათ სურთ ბოლოს და ბოლოს მკაფიოდ განისაზღვროს რას ეწოდება ხელით თამაში და რას არა.
ცნობისთვის: IFAB ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც აპირებდა შეკრებას, მაგრამ გეგმები რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აურია. ახლა, წესების განმსაზღვრელი საბჭო შეხვედრის ახალ თარიღს დათქვამს.