Johnson could become the latest NFL team owner in English football. Image: PA Images
რობერტ ვუდი ჯონსონი

დაირხა ხმა, რომ „ჩელსი” ახალ მეპატრონეს მალე იშოვის — დასავლეთ ლონდონელთა შეძენა NFL-ს ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეს სდომებია.

ამერიკულ ბურთაობაში ჭიპმოჭრილი ბიზნესმენის მიერ ინგლისური ფეხბურთის კლუბის შეძენა იშვიათობა არ არის. გაიხსენეთ, გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედი”. „იუნაიტედისა” რა მოგახსენოთ და 2020 წელს სუპერბოული სწორედ გლეიზერების „ტამპა ბეი ბუკანირსმა” მოიგო.

„ლოს ანჯელეს რემსმა”, რომელიც „არსენალის” მეპატრონე სტენ კროენკს ეკუთვნის, 2021 წელს ვინს ლომბარდის ტროფი მოიგო. აი, „ფულემის” ფანებს კი მაინცდამაინც საამაყოდ არ აქვთ საქმე. თავად „ფულემი” ორ წელიწადში ერთხელ კიდევ ახერხებს პრემიერლიგაში ჩასვლა-ამოსვლას, მათი მეპატრონის ამერიკული კლუბი „ჯეკსონვილ ჯეგუარზი” კი ბევრს ვერაფერს ახერხებს.

და „ჩელსი”? ESPN-ის თანახმად „ნიუ იორკ ჯეტსის” მეპატრონე რობერტ „ვუდი” ჯონსონი „ლურჯების” შესაძენად წინადადებას ამზადებს. ვუდი ჯონსონმა „ჩელსის” ავან-ჩავანი კარგად იცის, რადგან თავად უცხოვრია ლონდონში.

რომან აბრამოვიჩი „ჩელსის” ჰყიდის, თუმცა თავისი მოთხოვნებიც აქვს. ჯერ ერთი, რუსი ოლიგარქი არ აპირებს დასავლეთ ლონდონური კლუბი ჩინელებს ან საუდელებს ჩაუგდოს ხელში — ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა პოლიტიკურად მიუღებელია — და გარდა ამისა, მას სურს, რომ ახალმა მეპატრონემ ჯერ ერთი მაღალი დონის გუნდი შეინარჩუნოს და მეორეც, ახალი სტადიონი ააშენოს.

აბრამოვიჩს „ჩელსის” სანაცვლოდ 3 მილიარდი გირვანქის მიღება უნდა. ამ თანხიდან 1,5 მილიარდი ვალია, რომელიც კლუბს პირადად მისი მართებს.