„სანის” ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კიდევ, იმედგაცრუებულ მარკუს რეშფორდს კარიერაში პირველად ეძლევა საშუალება „ოლდ ტრეფორდი” დატოვოს.
ადრეც მოგახსენეთ, რომ როდესაც მანჩესტერულ დერბიმდე ორი დღით ადრე რალფ რანგნიკმა რონალდუს უთხრა სასტარტო შემადგენლობაში არ მჭირდებიო, პორტუგალიელი გაბრაზდა. შაბათს, თამაშის წინა დღეს, სასადილოში ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ ის მათთან ერთად არ იყო. რონალდუ არც კვირას იყო, მოედანზე, თუმცა კლუბმა ეს ბარძაყის ტრავმით ახსნა. მერე ცნობილი გახდა, რომ 37 წლის თავდამსხმელი შინ, პორტუგალიაში გამგზავრებულა.
ორშაბათს, ვერც „მანჩესტერ იუნაიტედის” და ვერც რონალდუს წარმომადგენლებმა გასცეს პასუხი კითხვას, სად არის მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი და იქნება თუ არა ვარჯიშზე. გუნდი „ქერინგტონის” ბაზაზე დღეს უნდა შეიკრიბოს.
რანგნიკი ამბობს, რომ ყველა დაშავებული ფეხბურთელი მანჩესტერშია და რეაბილიტაციის კურსს გადის.
როგორც მოგახსენეთ, კრიშტიანუ ერთადერთი არ არის, ვისი მომავალიც „იუნაიტედში” კითხვის ნიშნის ქვეშაა. მანჩესტერულ დერბიში ნაგემი მწარე მარცხის შემდეგ (1:4) აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი მარკუს რეშფორდის წასვლაზეც, რომლისთვისაც „ეტიჰედზე” სასტარტო შემადგენლობაში ასევე ვერ მოიძებნა ადგილი. რანგნიკმა ამ შეხვედრაში თამაში ნომინალური ფორვარდის გარეშე ამჯობინა.
რეშფორდს ბოლო 11 შეხვედრიდან სასტარტოში ადგილი მხოლოდ ორჯერ უწყალობეს, დანარჩენი ცხრიდან კი ერთადერთხელ იყო ტრავმირებული. „სანი” წერს, რომ 24 წლის რეშფორდის გადაბირებით დაინტერესებულია „პარი სენ ჟერმენი”, რომელსაც კილიან მბაპე გაქცევაზე ჰყავს.
მარკუს რეშფორდი მანჩესტერელია და მშობლიური ქალაქიდან სხვაგან გადაბარგება აქამდე თავში აზრად არ მოსვლია, მაგრამ 2022 მსოფლიოს ჩემპიონატის წელია და ნაკრებში მოხვედრას სათამაშო პრაქტიკას სჭირდება.
რეშფორდს, ისევე როგორც რონალდუს, „მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, მაგრამ არის ერთი კითხვაც: კრიშტიანუს წასვლა ხომ არ ნიშნავს რეშფორდისთვის შემადგენლობაში ადგილის გათავისუფლებას?