საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ყველაფერი სკოპიეში გადაწყდა, სადაც ილიას ზუროსის გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას 79:65 მოუგო.
მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, თამაში იოლი არ გამოდგა. პირველი მეოთხედი საქართველო სულ მდევრის როლში იყო და 18:21 წააგო.
მეორე მეოთხედში ჩვენმა ნაკრებმა თამაში დაალაგა და დიდ შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით გავიდა – 43:35.
მესამე მეოთხედში ოდნავ უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ, მაგრამ სხვაობა დიდად ვერ შემცირეს და დასკვნით 10-წუთეულის წინ ექვსქულიანი უპირატესობა ჩვენებს ჰქონდათ.
ბოლო მეოთხედში კი საქართველომ დაცვა უფრო გაამაგრა, შეტევაშიც კარგად გადავიდა და თამაში ისე ჩაამთავრეა, გამარჯვება ეჭვქვეშ აღარ დამდგარა.
ჩვენს ნაკრებს 24 ქულით მაკფადენმა ულიდერა, შერმადინის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა და სარგებლიანობის კოეფიციენტით (21) მატჩში საუკეთესო იყო. ჩინებული თამაში ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს, ვინაც 11 ქულა მიითვალა.
საქართველოს ნაკრებს ოთხი მატჩიდან სამი მოგება აქვს და სადღეისოდ ცხრილის სათავეშია. სამიდან სამი მოგება აქვს და პოტენციურ ლიდერად ესპანეთი ითვლება. სამიდან ერთი მოგებით მესამე ადგილზეა უკრაინა, ხოლო ოთხივე წაგებით ცხრილს ჩრდილოეთ მაკედონია ხურავს.