23 თებერვალი გმირ იუნკერთა ხსოვნის დღეა!

მტერთან მებრძოლთა შორის იყო იმ დროის განთქმული ფეხბურთელი, შევარდენელი შალვა ერისთავი – წმინდანად შერაცხული შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. იუნკრებმა, 17 თებერვალს, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთი დაიკავეს. მტერმა ამ მონაკვეთში შეტევა 19 თებერვალს დაიწყო, თუმცა 19-23 თებერვლის ბრძოლებში ქართული არმიის, გვარდიისა და სამხედრო სკოლის მებრძოლებმა მისი შეჩერება მოახერხეს.

გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე, 24 თებერვალს გაიმართა. დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ რამდენიმე იერიში მიიტანა და ნაშუადღევს, ამ მონაკვეთზე, თავდაცვითი ხაზი გაარღვია. მოწინააღმდეგემ სანგრის სამივე ზოლი დაიკავა და სანგრის უკან განლაგებულ ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან გავიდა. არტილერისტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული არტილერისტების დასახმარებლად და სანგრის დასაბრუნებლად დაძრა. იუნკრებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს, თუმცა სანგრის დაბრუნება გართულდა, რადგან მტერი სიმაღლეზე „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევით გამაგრდა და მოშიშვლებულ ველზე იუნკრებს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი.

როდესაც სიკვდილის პირას მყოფ ერისთავს სანიტრები მიუახლოვდნენ, იუნკერმა მათ უკანასკნელი სიტყვები შესძახა: „დადექ, ვინა ხარ?“ და სული განუტევა. გენერალი ალექსანდრე ჩხეიძის მოგონებით: ,,ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევზე მწოლიარე განგმირული შალვა ერისთავი“.

შალვა ერისთავი ვერის ძველ სასაფლაოზე, დღევანდელ ვერის ბაღშია დაკრძალული.