Romelu Lukaku 'taken out of the next fire', so is Kai Havertz Chelsea's  short-term striker solution? - BBC Sport„ჩელსიმ“ ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო. წუხელ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მან „ლილს“ სძლია 2:0. კვირას დასავლეთ ლონდონელებს „კარაბაოს თასის“ ფინალი უწევთ „ლივერპულის“ წინააღმდეგ.

„ლილთან“ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა არ ათამაშა ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. ლუკაკუს ადგილი კაი ჰავერცმა დაიკავა, რომელსაც პირველ 10 წუთში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. საბოლოოდ, ჰავერცი მე-8 წუთზე გატანილი ერთი გოლით დაკმაყოფილდა. მეორე, 63-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა.

ლუკაკუ „ჩელსის“ 97,5 მილიონი გირვანქა დაუჯდა, ის კი გასულ შაბათს, „კრისტალ პალასთან“, სულ შვიდჯერ შეეხო ბურთს.

„ლილთან“ თამაშის შემდეგ ტუხელს ჟურნალისტებთან დიდწილად ლუკაკუს შესახებ მოუხდა ლაპარაკი.

„იმ თამაშის შემდეგ ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმაზე, რომ რომელუ ბურთს სულ ერთი-ორჯერ შეეხო. არ გვითქვამს, რომ ამის გამო შემდეგ შეხვედრაში არ მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენ უბრალოდ ნაბიჯი უკან გადავდგით და როგორც ნახეთ, ამან გაამართლა, მაგრამ დღეს თითქმის ყველა კითხვა ლუკაკუს ეხება. ის მაინც ყურადღების ცენტრშია.

მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია. დღეს ლუკაკუს გარდა კიდევ ცხრა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა. ვფიქრობ, რომელუ გადაღლილია, სხვა ფეხბურთელებივით ბევრი იმოგზაურა და ამანაც იმოქმედა.

„ლილთან“ ჩვენი ამოცანა ინტენსიური ფეხბურთის თამაში იყო. სწრაფი ფეხბურთი გვჭირდებოდა, ბურთით თუ ბურთის გარეშე ბევრი უნდა გვემოძრავა და გვემუშავა.

რომელუმ ბოლო შეხვედრებში ასეთ თამაშს ფეხი ვერ აუწყო. აი, ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ის გადაღლილია. დაღლა მარტო ფიზიკური ხომ არ არის, დაღლა მენტალურიც არსებობს“, — თქვა „ჩელსის“ გერმანელმა მწვრთნელმა.

ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ მატჩის შემდეგ, როდესაც გუნდი მოედანზე განტვირთვის ვარჯიშების შესასრულებლად დაბრუნდა, ლუკაკუ თანაგუნდელებთან ერთად არ იყო. ამის შესახებ ტუხელმა თქვა:

„ვერაფერს გეტყვით. ეს ვარჯიშები ფიტნესის ბიჭებს აბარიათ. მათ ნაამდვილად ეცოდინებათ, რატომ არ იყო ლუკაკუ მოედანზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად. ფიტნესში ყველას ინდივიდუალური პროგრამა აქვს“.