„ვალენსია“ „ბარსელონასთან“ შინ განადგურდა, 1:4. მასპინძლებმა იშტაზე მოსულ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. ყველაზე თვალშისაცემი „ღამურების“ სრულიად მოშლილი დაცვის ხაზი გახლდათ, რომელიც მეტოქეს თავის საჯარიმოში ფაქტობრივად პამპულას თამაშის საშულებას აძლევდა. სამწუხაროა, რომ ასეთი არეული გუნდის კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა.
AS ფეხბურთელების ინდივიდუალური დახასიათებისას მამარდაშვილზე წერს: „ობამეიანგის (ორი) და დე იონგის გოლების წინააღმდეგ ის ვერაფერს გახდებოდა. მეორე ტაიმში გავის ერთი კარგი დარტყმა აუღო, თუმცა პედრის შორიდან დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. ამ ეპიზოდში ბურთი ობამეიანგის ზურგს მოხვდა და ტრაექტორია შეიცვალა“.
აქ უნდა დავძინოთ, რომ თავიდან ბევრმა ვერ შეამჩნია ბურთი გაბონელს რომ მოხვდა, შემდეგ კი გოლის ავტორად მაინც ობამეიანგი მიიჩნიეს და მას ჰეთ-თრიკი ჩაუწერეს.
აი, რას წერს იმავე ეპიზოდზე Superdepotde.es: „…მოგვიანებით, პედრის დარტყმული ობამეიანგის ზურგს მოხვდა. ამ ეპიზოდში მამარდაშვილს გაცილებით უკეთ შეეძლო თამაში, რადგან ბურთის ტრაექტორია ფოკუსირებული იყო“.
იმავეს ამბობენ plazadeportiva.com და მას-მედიის სხვა წყაროები. მთავარი დამნაშავე კი საყოველთაო აზრით, რასაკვირველია ვალენსიელთა მოშლილი გუნდი და ჩაფლავებული დაცვა იყო. არ არის სწორი დაშლილი გუნდის მეკარეს უსაყვედურო მეოთხე(!) გოლის დროს რატომ ვერ გადაგვარჩინეო.
დავძინოთ, რომ Superdepotde.es „ბარსელონას“ მესამე გოლს ოფსაიდად მიიჩნევს და გაკვირვებულია, VAR-მა რანაირად გაზომა ისე, რომ გოლი ჩაითვალა.
მატჩის შემდეგ „ჩეების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა თქვა: „ჩვენ ევროპაზე ვერ ვიფიქრებთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკმარისი ქულების დაგროვებაზე, რათა მშვიდად ვიყოთ. ყველაფერი ვცადეთ, ხუთკაციანი დაცვა, ნახევარდაცვის გადაჯგუფება… და მაინც, გაშვებული გოლების რაოდენობით ლიგაში მეორე ადგილზე ვართ.
ამ შეხვედრისთვის კარგად ვიყავით მომზადებული. ბევრჯერ ვთქვით, რომ მეტოქე გრძელი პასებით ბურთის ჩვენი დაცვის ზურგსუკან ჩაგდებას შეეცდებოდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გავაწყეთ. პირველი გოლის დროს მათ ბურთი სწორედ ჩვენს ზურგსუკან ჩააგდეს. ასეთი გოლი მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ გავუშვით. შეცდომებს თუ არ ასწორებ, რასაკვირველია ბევრს გაუშვებ.
მეორე გოლი ჩვენი პასიურობის ბრალი იყო. დროა გამოვიღვიძოთ. მეტოქეს ასე იოლად არ უნდა გავატანინოთ. დღეს მოწინააღმდეგე ძალიან გვჯობდა. სხვაობა უზარმაზარი იყო“.