ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“  პამპლონაში „ოსასუნას“ 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ნახევარმცველის, ლეგენდარული ესპანელი გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს ძმის შვილიშვილის მარკოს ლორენტეს თამაში აღნიშნა.

„თეთრ-წითლებმა“ წინა ტურში „ლევანტესთან“ 0:1 წააგეს, ასე რომ „ოსასუნასთან“ გამარჯვება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა, ლუის სუარესმა და ანხელ კორეამ. მომდევნო კვირაში „ატლეტები“ გამოკეთებული გუნებ-განწყობით ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

ესპანეთის ნაკრების წევრმა, ლორენტემ 2021 წლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვეულებრივ ის ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე მოქმედებს და ლუის სუარესს ამარაგებს საგოლე პასებით, თუმცა მიმდინარე სეზონში ინგლისელი კიერან ტრიპიერის წასვლისა და შიმე ვრსალკოს ტრავმის გამო დაცვის ფლანგზეც უწევდა თამაში.

სიმეონე: „ჩვენ „ლევანტესთან“ მარცხმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. შოკიდან უნდა გამოვსულიყავით. ეს საკმაოდ ძნელი გახლდათ, რადგან მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ გვქონია.

თამაში კარგად დავიწყეთ, შევუტიეთ, მარკოსი კი ნახევარდაცვიდან გვმატებდა დამატებით მუხტს, რაც ყველამ ვიცით, საუცხოოდ შეუძლია“.

ლა ლიგის შემდეგ ტურში „ატლეტიკო“ „სელტას“ მასპინძლობს.