კინგსლი კომანის მიერ ბოლო წამს გატანილმა გოლმა ზალცბურგელებს გული დაწყვიტა, „ბაიერნს“ კი სტატისტიკა გადაურჩინა — მიუნხენელები მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში კვლავ დაუმარცხებლად მიდიან. ავსტრიული და გერმანული გუნდების მერვედფინალური შეხვედრა  დამთავრდა 1:1.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბოხუმის“ მიერ დამარცხებული „ბაიერნი“ ავსტრიაში თავმოყვარეობის აღსადგენად გაემგზავრა, მაგრამ გულშემატკივარი დიდად ვერ გაახარა — იულიან ნაგელსმანის ფეხბურთელებმა უნაპერწკლო ფეხბურთი ითამაშეს და პირველი ტაიმი წააგეს 0:1. 21-ე წუთზე ლამაზი დარტყმით გოლი ჩუკვუბუიკე ადამუმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ადამუ მოედანზე მე-11 წუთზე შევიდა. მან შეხვედრის დასაწყისშივე დაშავებული ნოა ოკაფორი შეცვალა.

გოლის გატანას ცხადია „ბაიერნიც“ ცდილობდა. სტუმართაგან ყველაზე სახიფათო განაპირა მცველად ქცეული სერჟ გნაბრი გახლდათ. მან ორჯერ სცადა თავისი, მაგრამ „ზალცბურგის“ დაცვა ვერ გატეხა.

„ბაიერნმა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში, ბოლო 21 შეხვედრაში სტუმრად არ წაეგო, დიდად ვერც შესვენების შემდეგ გაამწვავა თამაში, თუმცა დაჟინებამ და კლასმა საბოლოოდ მაინც გაიტანა თავისი.