ასეც ხდება: ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“ შინ „ლევანტესთან“ წააგო 0:1. „თეთრ-წითლები“ ლა ლიგის აუტსაიდერთან მოედანზე იმ იმედით გავიდნენ, რომ „ალავესთან“ დრამატულ გამარჯვებას (4:3) მორიგ მოგებას მიაყოლებდნენ, მაგრამ ხახამშრალი დარჩნენ. როგორც ჩანს, ამიერიდან მადრიდელებს ოთხეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლა მოუწევთ.

მასპინძელთა კარში შეხვედრის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გონსალო მელერომ გაიტანა.

დიეგო სიმეონეს გუნდი ახლა მეხუთე ადგილზეა. მას და მეოთხეზე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 39 ქულა აქვთ, თუმცა „ბარსას“ თამაში აქვს მარაგში.

სიმეონემ მატჩის დამთავრების შემდეგ იმედგაცრუება ვერ დამალა:

„ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. კარგ პოზიციაზე გადასვლის საუცხოო შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. ახლა უკვე დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

წაგება ყოველთვის გულს მტკენს, მაღიზიანებს. დღეს დავისვენებთ, ხვალ კი დავილაპარაკებთ. მე ჩემსას ვეტყვი ფეხბურთელებს და მათაც შევხედავ, რა ჭკუაზე არიან.

არადა, ენთუზიაზმით ვიყავით სავსე. დღეს მოედანზე რთული გამარჯვების შემდეგ გავედით, მაგრამ ვერ მივხვდით როგორ უნდა გამოგვეყენებინა ეს ენერგია და გამარჯვების წყურვილი.

გულშემატკივარს ვერაფერს ვეტყვით. პირიქით, ახლა ისინი უნდა ამოუდგნენ ფეხბურთელებს მხარში. ჩვენი რეალობა ეს არის, რასაც ჰხედავთ. ოთხეულში შესვლა? ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ ამას ვეღარ შევძლებთ, მაგრამ მგონი ჯერ კიდევ შეიძლება. თუმცა, მესმის რომ დაპირებების მოსმენა მოსაწყენია. საქმეა საჭირო.

დღეს მართლაც დიდი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. ახლა ჩვენს რეალობას უნდა შევეგუოთ და ისე გავაგრძელოთ ბრძოლა“.