ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი პაბში ანუ ჩვენებურად ლუდხანაში ამტყდარი ჩხუბის მიზეზი გახდა. ჩხუბში თურმე ბევრნი მონაწილეობდნენ. ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორეს — მობილური დაულეწეს.

ახლა ჩხუბის მიზეზის შესახებ: კვირა საღამოს პიკფორდი და მისი რამდენიმე მეგობარი სამხრეთ ტაინსაიდის სოფელ ისტ ბოლდონის ერთ-ერთ პაბში შევიდნენ. სამხრეთ ტაინსაიდი ინგლისის ის ნაწილია, სადაც ახლოსაა ქალაქები სანდერლენდი და ნიუკასლი. პიკფორდი სანდერლენდელია, 2011-17 წლებში ამ ქალაქის კლუბში თამაშობდა, ნიუკასლელებს კი მათთან დერბი და შუღლი აქვთ.

მოწმეთა ჩვენების თანახმად, როდესაც პიკფორდი და მისი მეგობრები პაბში შედიოდნენ, იქ შეკრებილმა ხალხმა (ან ხალხის ნაწილმა) დაიწყო ყვირილი, რომ მას („ევერტონის“ მეკარეს) მოკლე ხელები აქვს. ჩვენებებიდან ისე გამოდის, რომ თავად პიკფორდი შენობაში ხეირიანად შესულიც კი არ იყო, მაგრამ მისმა ძმაკაცებმა, როგორც ჩანს, აყვირებულ ისტ ბოლდონელ ახალგაზრდობას საკადრისად უპასუხეს. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ატყდა ცემა-ტყეპა.

პრინციპში ბევრი რამ ბუნდოვანია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ორი რამ: ერთი, თავად პიკფორდს არ უჩხუბია და მეორე, ის და მისი მეგობრები თავიანთ მინი ვენში ისე ჩასხდნენ და იქაურობას ისე გაეცალნენ, რომ პაბში დასვენება ვერ მოასწრეს. პოლიცია მერე მივიდა.

ისე, პიკფორდს „ნიუკასლ იუნაიტედის“ ფანებთან ამასწინათაც ჰქონდა ინციდენტი. ეს 8 თებერვალს მოხდა, როდესაც „ევერტონმა“ ნიუკასლში 1:3 წააგო. ტრიბუნაზე მავან გულშემატკივარს მოკლეხელებიანი ტირანოზავრის ფორმა ეცვა და „საზიზღარ“ სანდერლენდელ მეკარეს იქიდან აჯავრებდა.

და ბოლოს, საიდან მოიტანა ამ ხალხმა, რომ პიკფორდს მოკლე ხელები აქვს. მართალია, ინგლისის ნაკრების გოლკიპერს არა მარტო კლუბის არამედ ეროვნული გუნდის კარიც ბევრჯერ გადაურჩენია, მაგრამ მის კარიერაში იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც მერსისაიდურ დერბიში, ბოლო წამს, კურიოზული გოლი გაუშვა, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე გთავაზობთ და რომელიც ასე მაშინ ახსნეს — პიკფორდს მოკლე ხელები რომ არ ჰქონდეს, ასეთ გოლს არ გაუშვებდაო.