„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე შიშობს, რომ მის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს და ფეხბურთელებს მოუწოდებს „მკვლელები“ გახდნენ. კვირას „დეზებმა“ „ვულვზთან“ 0:2 წააგეს. ეს გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ პრემიერლიგაში. ერთმანეთს მიყოლებული ცუდი შედეგების გამო, ლონდონელებს ოთხეულში მოხვედრის შანსი შეუმცირდათ.
„პრობლემა ის არის, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტს ვერ იყიდი, — თქვა კონტემ, — ის შეიძლება თანდათანობით გამოიმუშაო. ამისთვის ზოგი ფეხბურთელი უფრო მეტად არის მზად, ზოგი კი ნაკლებად. მე ასე მესმის, გამარჯვებულის მენტალიტეტი მაშინ გაქვს, როდესაც მზად ხარ მოწინააღმდეგე მოკლა.
ყოველთვის, როდესაც მოგება მეტოქეზე მეტად გწყურია, წაგება ძალიან გტკენს გულს“.
„ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრის შესვენებისას ფანებმა „ტოტენჰემს“ უსტვინეს.
კონტე: „დღეს ყველაფერს აჯობებს რეალისტები თუ ვიქნებით. გუნდი და ფანები ერთად უნდა ვიდგეთ. გულშემატკივრებმა უნდა გაიგონ, რომ ამ ეტაპზე მოთმინებაა საჭირო. მხოლოდ ასე აშენდება ისეთი გუნდი, როგორსაც ისინი დაჩვეულები იყვნენ.
ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, ფეხბურთელებიც თავდადებულები არიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ“.