No description available.72:10 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში. „რაგბი ევროპის“ მეორე ტურში ბორჯღალოსანთა მეტოქე ნიდერლანდელებმა თავისი უპირობო აუტსაიდერობა დაადასტურეს, ხოლო ქართველებმა – ტურნირის მთავარფავორიტობა.

თავიდანვე თვალშისაცემი გახდა, რომ აუტებსა და დერეფნებში ამ დღეს პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი – კვაჭის პოზიციას ხომ გამოჯანმრთელებული შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდა, ხოლო მარქაფაში თავის შანსს გიორგი ჭყოიძე ელოდა. მართალია, შალვას პირადი აქტივი არ გაუმდიდრებია, თუმცა რამდენიმე ლელოს გატანასა და ზოგადად, თამაშის ორგანიზებაში სოლიდური წვლილი შეიტანა, გიორგიმ კი, შეცვლაზე შესვლიდან მცირე ხანში ორი აუტი კარგად მოაწოდა და ორივე შემთხვევაში აგორებული მოლები დააბოლოვა, ანუ ორი ლელო მიითვალა. ამიერიდან ჭყოიძის აქტივში 20 სანაკრებო კეპი და 3 ლელოა.

თუკი სტატისტიკას მივყვებით, ამ შეხვედრაში უამრავმა ქართველმა გამოისწორა პირადი ანგარიში. მაგალითად, ოთია გიორგაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაილაღა და 31-ე სანაკრებო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, რამაც მისი პირადი ანგარიში 8 ლელომდე გაზარდა.

ცხადია, თავისი ლელო აკა ტაბუცაძემაც დადო, თანაც – ორი. რეაქტიული გარემარბი ორჯერ აჩქარდა და ორივე შემთხვევაში მეურვეებს იოლად გაექცა. ამიერიდან მის აქტივში 17 მატჩში 15 ლელოა. ამ ბოლო მაჩვენებლით აკაკი ორ ლეგენდას დაეწია – ილო ზედგინიძესა და ბესიკ ხამაშურიძეს. ამ ისტორიულ შეჯიბრში წინაც დიადები არიან: მამუკა გორგოძე – 27, დავით კაჭარავა – 25, ირაკლი მაჩხანელი – 24, თედო ზიბზიბაძე – 21, მალხაზ ურჯუკაშვილი – 18, მერაბ კვირიკაშვილი – 16. თუმცა მათგან განსხვავებით ტაბუცაძეს ნაკრებში ჯერჯერობით ძალიან ცოტა მატჩი აქვს გამართული.

No description available.თედო აბჟანდაძემ, ვიდრე მოედანზე იყო, 10 ლელოდან 6 გარდასახა, გელა აფრასიძემ კი ორივე ცდა გააცუდა. თუმცა, თედოს ამ 12-მა ქულამ მისი პირადი მონაგარი 210 ქულამდე გაზარდა, რაც ნაკრების ისტორიაში მე-4 შედეგია. წინ აქაც დიადეი არიან: მეკო, მალხაზ ურჯუკაშვლი და პალიკო ჯიმშელაძე, არადა აბჟანდაძე მხოლოდ 22 წლისაა…

დუბლი შეასრულა ვასილ ლობჟანიძემაც, ხოლო ლუკა ჯაფარიძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და მირიან მოდებაძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

მასპინძლებმა საპასუხოდ თითო ჯარიმა-ლელო-გარდასახვა გაიტანეს, ყველაფერს პირველ ტაიმში მიაღწიეს და თამაშის შემდეგ უკმაყოფილების არაფერი ეტყობოდათ. მოკლედ, ჩვენმა ნაკრებმა გაცილებით ორგანიზებულად ითამაშა და 5 ქულაც მიითვალა, რომელმაც ფაქტობრივად გაუნაღდა კიდეც გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზური, თუ, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი მატჩი არ წააგო და კონკურენტებმა ყველაფერი ბონუსებით არ მოიგეს.

შემდეგი მატჩი – 27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ!

No description available.