ბოლო ცნობების თანახმად კრიშტიანუ რონალდუ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია დარჩეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თუ წავიდეს.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 თებერვალს 37 წლის გახდა. როგორც ამბობენ, მან თანაგუნდელებს უთხრა, რომ თავისი ხანგრძლივი, საუცხოო, ჯილდოებით სავსე კარიერის განმავლობაში პირველად იგრძნო ასაკი.

პორტუგალიელ ვარსკვლავს საჯაროდ არასდროს უღიარებია, რომ პრემიერლიგის მოთხოვნები მისთვის უკვე მეტისმეტია. სხეულის წვრთნისა და რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით რონალდუს მსოფლიოში ძნელად თუ მოეძებნება ბადალი. და მაინც, არის შანსი, რომ მან „ოლდ ტრეფორდზე“ ორწლიანი დაბრუნება შეკვეცოს. მიზეზი: ასაკი და „მანჩესტერ იუნაიტედში“ შექმნილი მდგომარეობა.

ვეტერანს აგერ უკვე ხუთი თამაშია გოლი არ გაუტანია. სამშაბათს, „ბარნლისთან“ შეხვედრაში (1:1) კრიშტიანუ მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. არადა, როდესაც 12 წლიანი განშორების შემდეგ მანჩესტერში ბრუნდებოდა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ „ტარფ მურზე“ სკამზე იჯდებოდა.

პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონი არც იმით გახლავთ მოხიბლული, რაც თავის ძველ კლუბში დახვდა. „იუნაიტედის“ შემადგენლობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რაც სერ ალექს ფერგიუსონის დროიდან ახსოვდა და რონალდუ ფიქრობს, რომ გუნდის არასახარბიელო შედეგები სწორედ ამით არის განპირობებული.

რასაკვირველია, რონალდუს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს ისე, როგორც არასდროს. ეს მას ტოპ დონეზე ადგილის შესანარჩუნებლად სჭირდება, მითუფრო რალფ რანგნიკის გუნდში, სადაც ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული მაღალი პრესინგი და თამაშის ინტენსივობა მოეთხოვებათ.

კრიშტიანუმ ორგანიზმის გასაცოცხლებლად და ძალების აღდგენისთვის შინ ჟანგბადის კამერაც კი დააყენებინა, მაგრამ თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ოთხეულში ვერ მოხვდება, მაშინ სუპერვარსკვლავის კარიერა შეიძლება სხვანაირად გაგრძელდეს და მან „ოლდ ტრეფორდი“ ზაფხულში დატოვოს.