გრინვუდს „ნაიკთან” ახალი ხელშეკრულება უნდა დაედო

„ნაიკმა“ მეისონ გრინვუდს სპონსორული ხელშეკრულება გაუწყვიტა და კომპენსაციის სახით ცენტსაც არ გადაუხდის. გრინვუდის შესახებ ვწერდით: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი პოლიციაში აღმოჩნდა. მას ბრალად გაუპატიურება, ძალადობა და სიკვდილით დამუქრება ედება. გრინვუდის აგრესიის ობიექტი 18 წლის სტუდენტი ქალი აღმოჩნდა. სპორტული ნაწარმის აღშფოთებულმა ამერიკულმა გიგანტმა კი განაცხადა, რომ მომხდარის გამო „იუნაიტედის“ თავდამსხმელი „მისი ათლეტი“ აღარ არის.

„დეილი მეილი“ წერს, რომ „ნაიკს“ კანონი არ დაურღვევია. როგორც ჩანს, გრინვუდთან ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც რეპუტაციის შებღალვის შემთხვევაში კომპანიას 20 წლის ფეხბურთელის თავიდან ცივად მოშორების სრული უფლება ჰქონდა. არადა, გრინვუდს 2023 წელს „ნაიკთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება უწევდა. ახლა ფეხბურთელი მოისაკლისებს მილიონებს, რომელთა შოვნისთვის დამატებითი ოფლის ღვრა არც კი დასჭირდებოდა. მეტიც, თუ „ნაიკმა“ მას გარკვეული თანხა წინასწარ გადაუხადა, ეს ფული დასაბრუნებელი ექნება.

რაც შეეხება „იუნაიტედს“, მას კონტრაქტში თავის დასაზღვევი პუნქტი არ აღმოაჩნდა და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრინვუდი ვარჯიშებიდან დაჭერის დღესვე მოკვეთა, კუთვნილი ხელფასის, კვირაში 75 000 გირვანქის გადახდა მოუწევს.

საინტერესოა, რომ კონტრაქტის თანახმად კლუბს არ შეუძლია გრინვუდი 14 დღეზე მეტი ხნით დასაჯოს. შესაბამისად, დამთავრდება გამოძიება თუ არა, წესით ორ კვირაში ფეხბურთელი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამოცხადდეს. სხვა ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნააიტედს“ ურჩევნია ასე არ მოხდეს, რადგან პიარის თვალსაზრისით ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.

გამოსავალი? კლუბს შეუძლია თქვას, რომ ვინაიდან ფეხბურთელის ბრალი ჯერ არ დამტკიცებულა, ის მას ხელახალ ორკვირიან დისკვალიფიკაციას უსჯის.

თუ გრინვუდს ბრალი ნაწილობრივ მაინც დაუმტკიცდება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მასთან კონტრაქტს გაწყვეტს და საკომპენსაციო თანხას გადაუხდის.

გრინვუდს რაღა გამოსავალი ექნება? ალბათ, უცხოეთში გადაბარგება.

რასაკვირველია, აქ არ არის ლაპარაკი იმ შემთხვევაზე, თუკი გრინვუდს სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოახდევინებენ. ამ შემთხვევაში კლუბი მას უბრალოდ გარიცხავს და პენსსაც არ მისცემს.